
TikTok წელს გაყიდვების გაოთხმაგებას და გაყიდული საქონლიდან $20 მილიარდიან შემოსავალს ელის.
ვიდეოების პოპულარულმა აპლიკაციამ გასულ წელს TikTok Shop-ის მეშვეობით $4.4 მილიარდის ღირებულების პროდუქტი გაყიდა. TikTok-ის ელექტრონული კომერციის პლატფორმა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ პროდუქტი Live-ის დროს, ბმულების მეშვეობით შეიძინოს.
აპლიკაცია ზრდას ძირითადად აზიაში გაყიდვების ხარჯზე ელის, თუმცა ანგარიშში აღნიშნულია, რომ ის მუშაობს აშშ-სა და ევროპაში გაყიდვების გაფართოებაზეც.
Financial Times გასულ წელს წერდა, რომ TikTok ლოს-ანჯელესში მდებარე TalkShopLive-თან თანამშრომლობას და მისი მეშვეობით სავაჭრო პლატფორმის ჩრდილოეთ ამერიკაში გატანას გეგმავს.
TikTok-ის გაყიდვები იზრდება მაშინ, როცა ჩინური აპლიკაციის მიმართ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები და მარეგულირებლები წესებს ამკაცრებენ, რადგან შიშობენ, რომ ჩინეთს შეუძლია აპლიკაცია მომხმარებლების მონაცემების მოსაპოვებლად გამოიყენოს.
გასულ თვეში მონტანა გახდა აშშ-ის პირველი შტატი, რომელმაც TikTok-ის აპლიკაციის გადმოწერა აკრძალა. გადაწყვეტილება TikTok-მა გაასაჩივრა.