LIVE

მონტანა აშშ-ის პირველი შტატია, რომელიც TikTok-ს კრძალავს

18 მაი 202312:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 541
მონტანა აშშ-ის პირველი შტატია, რომელიც TikTok-ს კრძალავს

მონტანას გუბერნატორმა გრეგ ჯანფორტემ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც შტატში ჩინური TikTok-ს მუშაობას კრძალავს, რითაც ის ხდება აშშ-ის პირველი შტატი, რომელიც პოპულარულ ვიდეო აპლიკაციას ბლოკავს.

გადაწყვეტილების მიზანი მოსახლეობის ჩინეთის მიერ მონაცემების შეგროვებისგან დაცვაა. 

მონტანა Google-სა და Apple-ს შტატის მასშტაბით App Store-ში TikTok-ის აპლიკაციის შეთავაზებას უკრძალავს, თუმცა შტატის გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს აპლიკაციის მომხმარებლებისთვის ჯარიმის დაწესებას.

კანონი ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან შედის. მოსალოდნელია, რომ მას სამართლებრივი დავა მოჰყვება. 

ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანია ByteDance-ის მფლობელობაში მყოფმა TikTok-მა არ უპასუხა Reuters-ის შეკითხვას, აპირებს თუ არა შტატის გადაწყვეტილების გასაჩივრებას. თუმცა იქამდე, TikTok-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აპლიკაციის უკანონო აკრძალვით ახალი კანონი არღვევს მონტანას მოსახლეობის კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებულ უფლებებს და აღნიშნა, რომ განაგრძობს მუშაობას მომხმარებლების უფლებების დასაცავად მონტანაში და მის ფარგლებს გარეთ.  

TikTok-ს 150 მილიონი ამერიკელი მომხმარებელი ჰყავს. აპლიკაცია ძალიან პოპულარული გახდა მოზარდებში. Pew Research Center-ის თანახმად, აშშ-ში 13-დან 17 წლამდე მოზარდების 67% იყენებს TikTok-ს, მოზარდების 16% ამბობს, რომ მას თითქმის მუდმივად იყენებს. TikTok-მა განაცხადა, რომ მომხმარებელთა "აბსოლუტური უმრავლესობა" 18 წელზე უფროსია. 

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იზრდება შეშფოთება აპლიკაციის კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. TikTok-ის მიმართ არსებული ბრალდებების თანახმად, ის აგროვებს მომხმარებელთა მონაცემებს და მას ჩინეთის მთავრობას გადასცემს.

TikTok ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ის არასოდეს შეასრულებს მომხმარებლის მონაცემების გაზიარების შესახებ ბრძანებას და ამტკიცებს, რომ მისი მუშაობის პრინციპი სხვა სოციალური მედიის კომპანიებისგან არაფრით განსხვავდება.

მიმდინარე თვეში TikTok-ის მონაცემთა უსაფრთხოების განყოფილების აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ერიკ ჰანმა თანამდებობა დატოვა. როგორც ირკვევა, მიზეზი კანონმდებლების მხრიდან მზარდი ზეწოლაა შეერთებულ შტატებში პლატფორმის აკრძალვასთან დაკავშირებით.