თურქული ლირა გაუფასურებას განაგრძობს. საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანის გამარჯვების მესამე დღეს თურქული ლირა რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დაეცა.
ამ ეტაპზე დოლართან მიმართებით თურქეთის ეროვნული ვალუტა 1:20.75 კურსით გაიცვლება. მხოლოდ 2023 წელს თურქული ლირა უკვე 10%-ით გაუფასურდა.
ინვესტორებს თურქეთის არამდგრადი ეკონომიკის მიმართ, რომელშიც პრეზიდენტი ერდოღანი ტრადიციულად დაბალი საპროცენტო განაკვეთების შენარჩუნებას აპირებს, შიშები აქვთ. ინტერესის მთავარი საგანი ახლა ისაა, თუ ვის დანიშნავს ერდოღანი ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელ მთავარ როლებზე და იქნება თუ არა ცვლილება ტრადიციულ კურსთან მიმართებით.
მიმდინარე კვირას პრეზიდენტი ერდოღანი მეჰმეთ სიმსეკს, თურქეთის ეკონომიკის ყოფილ ხელმძღვანელს, შეხვდა. თურქეთში არსებობს მოლოდინები, რომ ერდოღანმა სიმსეკი შესაძლოა ახალ ფინანსთა მინისტრად დანიშნოს.
2023 წლის პირველ კვარტალში თურქეთის ეკონომიკა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, წინასწარ მოლოდინებზე უფრო მეტად, 4%-ით გაიზარდა. 2022 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით კი ზრდა 0.3% იყო.