LIVE

კონკურენციის სააგენტომ "კარფურს" მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა დაავალა

24 მაი 202313:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 712
კონკურენციის სააგენტომ "კარფურს" მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა დაავალა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მომხმარებელსა და სავაჭრო ქსელ "კარფურთან" დავაში, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ შეცვალოს საქმიანობის შიდა პოლიტიკა და აღადგინოს იმ მომხმარებელთა უფლებები, რომელთაც, წარსულში, სავარაუდოდ, მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

"კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა:
• მომხმარებელს, კანონით განსაზღვრული ინფორმაცია, ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს;
• მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინფორმაცია განათავსოს - სარეალიზაციო მაღაზიებსა და დისტანციური გაყიდვის სივრცეებში;
• საქონელსა და მომსახურებაზე გასაყიდი ფასი მკაფიო და გასაგები ფორმით მიუთითოს;
• აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები", - აღნიშნულია განცხადებაში. 

კონკურენციის სააგენტომ საქმის შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც მას ცისანა ბირკაიას წარმომადგენელმა ია სირანაშვილმა მიმართა. საკითხი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევას ეხებოდა. 

"საქმის შესწავლის ფარგლებში, სააგენტომ  მოვაჭრის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულებები განიხილა და მიიჩნია, რომ მოვაჭრის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შედეგად კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი აღარ იარსებებს", - ნათქვამია განცხადებაში. 

2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში შევიდა 213 განაცხადი, საიდანაც 135 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო.

6 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 59 საქმეზე 35 შეთანხმება გააფორმა. 22 საქმეზე გაფორმებულ 19 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 9 დარღვევის ფაქტი 22 საქმეზე, ხოლო 3 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა.