LIVE

კონკურენციის სააგენტომ კიდევ ერთი ფარმაცევტული კომპანიის მიმართ დაიწყო მოკვლევა

12 მაი 202312:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 726
კონკურენციის სააგენტომ კიდევ ერთი ფარმაცევტული კომპანიის მიმართ დაიწყო მოკვლევა

კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ფარმაცევტულ ბაზარზე 4 კომპანიის მიმართ დაწყებულ შესწავლას კიდევ ერთი კომპანია დაემატა.

სააგენტოს ინფორმაციით, ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში, კიდევ ერთი მოპასუხე კომპანია შპს “ეს კა იმპექსია”.

შესაბამისად, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვა) შესაძლო დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, სააგენტო ბაზრის მოკვლევას 5 კომპანიის მიმართ აწარმოებს, რომლებიც არიან: სს „გეფა“, შპს „ავერსიფარმა“, შპს „პსპ ფარმა“, შპს „მერმისი“ და შპს “ეს კა იმპექსი”.

კონკურენციის სააგენტომ, 2023 წლის 24 მარტს, ფარმაცევტულ ბაზარზე მოკვლევა დაიწყო. საკითხი ეხება - ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების მკვეთრ ზრდას და სავარაუდო, იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას. კონკურენციის სააგენტოს განცხადებით, მოკვლევას საფუძვლად დაედო - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია და განცხადებები ფარმაცევტული კომპანიების ქმედებების კონკურენციის კანონმდებლობასთან თავსებადობასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ჯანდაცვის უწყებამ და მინისტრმა არაერთხელ გააჟღერეს ბრალდებები ფარმაცევტული კომპანიების მიმართ შეთანხმებულ მოქმედებასა და ფასების ხელოვნურად გაზრდასთან დაკავშირებით. მსგავსი განცხადებები გაკეთდა პრემიერმინისტრის მხრიდანაც. ირაკლი ღარიბაშვილმა 24 მარტს, პარლამენტში განაცხადა, რომ PSP-მ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 200-300%-იანი ფასნამატები გააკეთა, რაც რეაგირების გარეშე არ დარჩებოდა. თავად სექტორის მხრიდან აღნიშნული განცხადებები ზეწოლად და დეზინფორმაციად შეფასდა.

კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ამ დროისათვის, მოკვლევის 6 საქმეს განხილავს: საავტომობილო საწვავის, ფარმაციის, თამბაქოს, საზღვაო ტრანსპორტის, სწრაფი კვების და ბილეთების ონლაინ რეალიზაციის სექტორებში - შეთანხმებული ქმედების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მიმართულებით.