
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ, $375 მილიონიან პაკეტს გამოყოფს. კვირას პრეზიდენტმა ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს რუსეთთან ომში უკრაინის თავდაცვის ძალების გასაძლიერებლად.
აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტში შედის სხვადასხვა საბრძოლო მასალა, არტილერია და ჯავშანტექნიკა. გარდა ამისა, ამერიკელები სამხედრო წვრთნებს ჩაუტარებენ უკრაინელ მებრძოლებს.
გარდა შეერთებული შტატებისა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის პირობა გამოთქვა კანადამაც. პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, კანადა უკრაინელ ჯარისკაცებსა და პილოტებს ჩაუტარებს სამხედრო წვრთნებს. ტრუდოს თქმით, კანადა "ყოველთვის მზადაა, გააკეთოს მეტი" უკრაინის დასახმარებლად.
პრეზიდენტი ზელენსკი აშშ-სა და კანადის ლიდერებს იაპონიაში, დიდი შვიდიანის (G7) სამიტის ფარგლებში შეხვდა.