LIVE

აპრილში ქუთაისის აეროპორტი არსებობის მანძილზე ყველაზე მეტ მგზავრსა და რეისს მოემსახურა

10 მაი 202315:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 390
აპრილში ქუთაისის აეროპორტი არსებობის მანძილზე ყველაზე მეტ მგზავრსა და რეისს მოემსახურა

2023 წლის აპრილში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადმა არსებობის მანძილზე ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 1 თვეში მგზავრების რაოდენობა პანდემიამდელ 2019 წლის აპრილთან შედარებით, 81%-ით გაიზარდა. აეროპორტით ჯამში 122 410-მა ადამიანმა ისარგებლა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მგზავრთნაკადის გარდა, აპრილში ქუთაისის აეროპორტში ავიარეისების რაოდენობაც ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა. გასულ თვეში, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეისები 64%-ით გაიზარდა და აეროპორტი ჯამში 359 რეისს მოემსახურა. 

რაც შეეხება იანვარ-აპრილის მონაცემებს, 4 თვეში ქუთაისის აეროპორტით 375 459-მა მგზავრმა ისარგებლა, რეისების რაოდენობამ კი 1 213 შეადგინა. 2019 წლის იანვარ-აპრილის პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 67%-ით, ხოლო რეისების რაოდენობა 62%-ით გაიზარდა.

ამ ეტაპზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2023 წლის ივნისიდან ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს. 2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan-ი პირდაპირ რეგულარულ რეისებს ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულებით შეასრულებს.