LIVE

Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტში 5 ახალ მიმართულებას და მესამე ბაზირებულ ხომალდს ამატებს

13 დეკ 202210:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 570
Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტში 5 ახალ მიმართულებას და მესამე ბაზირებულ ხომალდს ამატებს

2023 წლის ივნისიდან, ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს აბრუნებს და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ევროპის 5 ქალაქის: ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით იწყებს.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, Wizz Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა ახალი მიმართულებების გარდა, ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე, ასევე შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები.

ხუთივე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. ხოლო, პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენის შემთხვევაში არსებულ სიხშირეებს თითო დაემატება.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი Wizz Air-ი საქართველოს ბაზრის ერთგული რჩება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფართოვდება და 2023 წლის ივნისიდან მესამე ბაზას ამატებს. ეს საშუალებას მოგვცემს, დამატებით ევროპის 5 ახალ ქალაქში დაიწყოს ფრენები და არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების რაოდენობა გაიზარდოს. ქართველ მოგზაურებს საშუალება ექნებათ დამატებით ევროპის 4 ქვეყნის 5 ქალაქში იმოგზაურონ, ასევე, საქართველოში ახალი ტურისტული ნაკადები მოვიზიდოთ“, - განაცხადა „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, რამდენიმე წელია Wizz Air-ი საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია. 2022 წლის 11 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია 550 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. 2023 წლის ივნისისთვის კი, ჯამში Wizz Air-ი ქუთაისიდან ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 27 მიმართულებით იფრენს.