საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 10.5%-მდე შემცირდა.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების შედეგად, 179 600 მომხმარებელს სესხზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება. 1 აპრილის მდგომარეობით, სწორედ ამდენი სესხია მიბმული ცვლად საპროცენტო განაკვეთზე.
მარეგულირებელი მიუთითებს, რომ ინფლაციური მოლოდინები კლებადია, რასაც ძირითადად იმპორტირებული პროდუქტების ფასების შემცირება განაპირობებს, ადგილობრივი ინფლაცია კი, შედარებით დაბალი ტემპით მცირდება. როგორც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაცია შემცირებას განაგრძობს.
"საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს და მიმდინარე წლის აპრილში მთლიანი ინფლაცია 2.7 პროცენტამდე, ხოლო საბაზო ინფლაცია 4.7 პროცენტამდე შემცირდა. ინფლაციის კლებას, დიდწილად, იმპორტირებული პროდუქტების ფასების შემცირება განაპირობებს; საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასები 2022 წლის შუა პერიოდიდან ეტაპობრივად იკლებს, ხოლო საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა. ეს ტენდენციები, გამყარებულ გაცვლით კურსთან ერთად, ადგილობრივ ბაზარს ეტაპობრივად გადმოეცემა და იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. შესაბამისად, საერთაშორისო ბაზრებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი განეიტრალდა. შედარებით მცირე ბიჯებით იკლებს ადგილობრივი ინფლაციაც და მოსალოდნელია, რომ წლის განმავლობაში მისი შემცირება გაგრძელდება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ინფლაციური მოლოდინები კლებადია. მიმდინარე წელს, საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა პოტენციურ დონესთან ახლოს, 5 პროცენტის ფარგლებში, იქნება. შესაბამისად, ფასებზე ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ზეწოლა ნაკლებად მოსალოდნელია. ამას, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, წინა წელთან შედარებით დაკრედიტების შენელებული ტემპი და ფისკალური კონსოლიდაცია უწყობს ხელს. სხვა თანაბარ პირობებში, მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებას განაგრძობს, მოკლევადიან პერიოდში მიზნობრივი დონის ქვემოთ იქნება და საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტიანი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება. მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მოკლე ვადით მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ფასების სტაბილურობის წინაპირობაა",- განაცხადა მესტვირიშვილმა.
მისივე განმარტებით, სებ-მა პოლიტიკის შერბილება სწორედ ინფლაციური ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით გადაწყვიტა. ამასთან, მესტვირიშვილი ამბობს, რომ შრომის ბაზრიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლა კვლავ საყურადღებოა.
"ინფლაციური ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ, პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, გაურკვევლობა კვლავ მაღალია. ამ ეტაპზე, ხელფასი-ფასის სპირალის განვითარების ცალსახა ნიშნები არ შეიმჩნევა, თუმცა პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯი გაზრდილია, რაც შრომის ბაზრის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას კვლავ საყურადღებო ფაქტორად ტოვებს. ამავდროულად, ერთ-ერთ მთავარ რისკად რჩება გეოპოლიტიკური მდგომარეობაც. აქედან გამომდინარე, მაღალი გაურკვევლობის პირობებში, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას მხოლოდ ნელი ტემპით განაგრძობს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს",- თქვა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 21 ივნისს ჩატარდება.