LIVE

რუსეთში KFC-ს ადგილობრივი Rostic’s-ს ჩაანაცვლებს

25 აპრ 202315:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 385
რუსეთში KFC-ს ადგილობრივი Rostic’s-ს ჩაანაცვლებს

რუსეთში KFC-ის სწრაფი კვების ობიექტები ამიერიდან რუსული კომპანია Rostic’s-ით შეიცვლება. შემწვარი ქათმების რუსული ვერსია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეიქმნა, რუსეთში მას შემდეგ ბრუნდება, რაც KFC ქვეყანას საბოლოოდ ტოვებს. 

KFC ამერიკული სწრაფი კვების კომპანიაა, რომელიც Yum! Brands-ის ერთ-ერთი შვილობილია. KFC-მ საბოლოოდ დაასრულა რუსეთიდან გასვლის პროცესი. შედეგად, რუსეთში არსებული KFC-ის ყველა რესტორანი, კომპანიის ოპერაციული სისტემა და სავაჭრო ნიშანი ადგილობრივ რუსულ კომპანია Smart Service-ს გადაეცა, რომელსაც რუსი მეწარმეები - კონსტანტინ კოტოვი და ანდრეი ოსკოლკოვი - ხელმძღვანელობენ. Smart Service-ის მთავარი პასუხისმგებლობა კომპანიის რებრენდინგი და თანამშრომლების შენარჩუნება იქნება. აღნიშნული გარიგების საფუძველზე, KFC-ის ნაცვლად რუსეთში სწრაფი კვების ადგილობრივი კომპანია Rostic’s იმუშავებს. 

რუსული კომპანია Rostic’s საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1993 წელს, შეიქმნა. 2005 წლამდე მასთან KFC თანამშრომლობდა, ვიდრე არ შეისყიდა. დღეიდან რუსეთში კვლავ Rostic’s იფუნქციონირებს, თუმცა გამორიცხული არაა, რომ Yum Brands-ის რომელიმე კომპანია ქვეყანაში ერთ დღეს კვლავ დაბრუნდეს.

მიუხედავად KFC-ის გასვლისა, კოტოვმა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში აღნიშნა, რომ ამით თითქმის არაფერი შეიცვლება და რესტორნის მენიუც კი თითქმის იგივე დარჩება: “ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლითაც მთლიან მენიუს შევინარჩუნებთ და მასში მხოლოდ ოთხი პროდუქტის სახელი შეიცვლება - თავად კერძები, მათი გემო და ხარისხი კი იგივე დარჩება”.

გარდა KFC-სა, რუსეთიდან ჯერ კიდევ გასულ წელს გავიდა McDonald’s, რომელიც ადგილობრივმა მეწარმეებმა ასევე შეცვალეს და რუსულ Vkusno & tochka-დ გადააკეთეს.