
პოლონეთის გავლით უკრაინული სურსათისა და მარცვლეულის ექსპორტის განახლების შესახებ დღეს ამ ქვეყნების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები დაიწყება.
გასული კვირის ბოლოს, ადგილობრივი წარმოების დაცვის მიზნით, პოლონეთმა და უნგრეთმა უკრაინული სურსათისა და მარცვლეულის პროდუქტების ტრანზიტი აკრძალეს. ქვეყნების განცხადებით, აკრძალვა ძალაში 30 ივნისამდე დარჩება.
უნგრეთისა და პოლონეთის ეს ნაბიჯი დაგმო ევროკავშირმა. ევროკომისიამ ის ერთპიროვნულ და “მიუღებელ” გადაწყვეტილებად შეაფასა.
“პირველი ნაბიჯი, ჩვენი აზრით, უნდა იყოს ტრანზიტის ხელახალი გახსნა, რადგან ეს საკითხი ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია”, - განაცხადა უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, მიკოლა სოლსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინიდან სურსათის 10% სწორედ პოლონეთის გავლით გადიოდა ექსპორტზე, ხოლო უნგრეთში უკრაინის მთლიანი ექსპორტირებული სურსათის 6% შედიოდა.
მიმდინარე კვირაში უკრაინა შეხვედრებს გამართავს რუმინეთთან და სლოვაკეთთან.