LIVE

პუტინის მეგობრის დახმარების გამო, შვეიცარიაში 4 ბანკირი დამნაშავედ ცნეს

30 მარ 202315:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 432
პუტინის მეგობრის დახმარების გამო, შვეიცარიაში 4 ბანკირი დამნაშავედ ცნეს

ოთხი ბანკირი, რომლებმაც ვლადიმერ პუტინის მეგობარს შვეიცარიის ბანკებში დიდი ოდენობით თანხების ჩარიცხვის უფლება მისცეს, დამნაშავედ ცნეს

საუბარია Gazprombank-ის ციურიხის ფილიალის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორებზე, რომლებსაც მუსიკოს სერგეი როლდუგინის, მეტსახელად "პუტინის საფულეს" ხელშეწყობისთვის შვიდთვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს.

მსჯავრდადებულებიდან სამი რუსი, ერთი კი შვეიცარიელია. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, როლდუგინმა 2014-2016 წლებში შვეიცარიის ბანკებში $30 მილიონი შეიტანა, თუმცა მან თანხის წარმომავლობა სანდო წყაროებით ვერ დაადასტურა. 

შვეიცარიის კანონმდებლობის თანახმად, ბანკებს მოეთხოვებათ უარი თქვან ან დახურონ ანგარიშები, თუ ანგარიშის მფლობელი ან ფულის წარმომავლობა ეჭვებს აჩენს.

ვიოლონჩელისტი როლდუგინი ვლადიმერ პუტინის უფროსი ქალიშვილის ნათლიაა. 

იმის პარალელურად, რომ როლდუგინის საბანკო ისტორიაში არ ჩანს რაიმე ბიზნეს-საქმიანობა, 2014 წელს სწორედ ის იყო Gazprombank Switzerland-ში გახსნილი 2 ანგარიშის მფლობელი. ამასთან, როლდუგინი პუტინის იმ ახლო წრის წევრია, რომელიც დასავლეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაასანქცირა.  

Reuters-ის მიერ ნანახ ბრალდების დასკვნაში აღნიშნულია, რომ ახლანდელი სასამართლო საქმე ხაზს უსვამს, თუ როგორ იყენებდნენ როლდუგინის მსგავს ადამიანებს ფულის ნამდვილი მფლობელების დასამალად. 

გასულ კვირას კრემლმა უარყო ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც როლდუგინის ანგარიშების რეალურ მფლობელად რუსეთის ლიდერს მიიჩნევს და მათ “პუტინოფობიური” უწოდა. მიუხედავად ამისა, კონკრეტულ ბრალდებაში ნათქვამია, რომ ბანკირებმა სერიოზულად არ შეამოწმეს როლდუგინის ტრანზაქციები. 

საინტერესოა, რომ 2014 წელს, როდესაც როლდუგინმა შვეიცარიულ ბანკში ანგარიშები გახსნა, უკვე საჯაროდ ცნობილი იყო პუტინთან მისი მეგობრების შესახებ.