LIVE

პუტინის მეგობარმა როლდუგინმა შვეიცარიაში მილიონები გადაიტანა - ბრალდებულია 4 ბანკირი

11 მარ 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 466
პუტინის მეგობარმა როლდუგინმა შვეიცარიაში მილიონები გადაიტანა - ბრალდებულია 4 ბანკირი

შვეიცარიელი პროკურორების განცხადებით, სერგეი როლდუგინმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ვიოლონჩელისტია, სათანადო შემოწმების გარეშე მილიონობით ფრანკი გადაიტანა შვეიცარიის საბანკო ანგარიშების მეშვეობით. დაწყებულია ოთხი ბანკირის სასამართლო პროცესი, რომელთაც როლდუგინის დახმარებაში ედებათ ბრალი. 

პროკურორები ამტკიცებენ, რომ 2014-2016 წლებში როლდუგინმა, რომელიც პუტინის ახლო მეგობარია, შვეიცარიულ ბანკებში ანგარიშებზე მილიონობით ფრანკი შეიტანა. ოთხი ბანკირიდან, რომლებიც ციურიხის რაიონულ სასამართლოში გამოჩნდნენ, 3 რუსია, ხოლო 1 შვეიცარიელი. მათ უარყვეს ბრალდებები ფინანსურ ტრანზაქციებზე სათანადო შესწავლის გარეშე მუშაობასთან დაკავშირებით. 

პროკურატურა სასამართლოს უცხადებს, რომ ბანკირებმა საკმარისი ძალისხმევა ვერ გამოიჩინეს, რათა დაედგინათ, თუ ვინ იყო თანხების რეალური მფლობელი. საუბარია დაახლოებით 30 მილიონი შვეიცარიული ფრანკის ($31,84 მილიონი) ოდენობის ანგარიშზე. საყურადღებოა, რომ როლდუგინის საბანკო დოკუმენტებში რაიმე ბიზნეს-აქტივობა არ ფიქსირდება. ეს მან თავადაც განაცხადა New York Times-თან ინტერვიუში, როდესაც თქვა, რომ იგი არაა ბიზნესმენი და თავად არ ფლობს მილიონებს. 

იმის პარალელურად, რომ როლდუგინის საბანკო ისტორიაში არ ჩანს რაიმე ბიზნეს-საქმიანობა, 2014 წელს სწორედ ის იყო Gazprombank Switzerland-ში გახსნილი 2 ანგარიშის მფლობელი. ამასთან, როლდუგინი პუტინის იმ ახლო წრის წევრია, რომელიც დასავლეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაასანქცირა. 

Reuters-ის მიერ ნანახ ბრალდების დასკვნაში აღნიშნულია, რომ ახლანდელი სასამართლო საქმე ხაზს უსვამს, თუ როგორ იყენებდნენ როლდუგინის მსგავს ადამიანებს ფულის ნამდვილი მფლობელების დასამალად: “ყველა მტკიცებულება ეწინააღმდეგება იმას, რომ როლდუგინი აქტივების რეალური  მფლობელი შეიძლება იყოს” - ამბობს პროკურორი ჰოფმანი სასამართლოში. საპირისპიროდ კი ბრალდებულის ადვოკატი ბერნარდ ლოეტჩერი აცხადებს, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება.

კრემლი უარყოფს ნებისმიერ მოსაზრებას, რომელიც როლდუგინის ანგარიშების რეალურ მფლობელად რუსეთის ლიდერს მიიჩნევს და მათ “პუტინოფობიურს” უწოდებს. მიუხედავად ამისა, კონკრეტულ ბრალდებაში ნათქვამია, რომ ბანკირებმა სერიოზულად არ შეამოწმეს როლდუგინის ტრანზაქციები. საინტერესოა, რომ 2014 წელს, როდესაც როლდუგინმა შვეიცარიულ ბანკში ანგარიშები გახსნა, უკვე საჯაროდ ცნობილი იყო პუტინთან მისი მეგობრების შესახებ. როლდუგინი პუტინის ახლო მეგობარი და მისი ქალიშვილის ნათლიაა. რუსეთის პრეზიდენტთან მუსიკოსის სიახლოვე საეჭვო გარემოებაა ციურიხში მიმდინარე სასამართლოსთვის, რომელშიც მხარეები მილიონიანი ანგარიშების რეალური მფლობელის საკითხზე დავობენ. სასამართლო განაჩენს 30 მარტს გამოაცხადებს.