LIVE

Meta ევროპაში პოლიტიკური რეკლამის აკრძალვას განიხილავს

30 მარ 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 366
Meta ევროპაში პოლიტიკური რეკლამის აკრძალვას განიხილავს

Meta Platforms-ის ხელმძღვანელები ევროპაში პოლიტიკური რეკლამის აკრძალვას განიხილავენ.  

Financial Times-ის წყაროების თქმით, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორები ფიქრობენ, რომ პოლიტიკური რეკლამის ევროკავშირისეული განმარტება შესაძლოა, ზედმეტად ფართო იყოს და ამიტომ ამჯობინებენ, რომ უარი თქვან პლატფორმაზე ყველა სახის ფასიან პოლიტიკურ კამპანიებზე.

ევროკავშირის კანონმდებლები თებერვალში შეთანხმდნენ, რომ არჩევნებში დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით, მიზნობრივი პოლიტიკური რეკლამის წესებს გაამკაცრებენ. შემოთავაზებული რეგულაციები ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტებისგან მოითხოვს მიზნობრივი პოლიტიკური რეკლამების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მიწოდებას. წესების დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა გლობალური ბრუნვის 4%-მდე თანხას ითვალისწინებს.  

ევროკომისიამ გასული წლის დეკემბერში Facebook-ის მშობელი Meta გააფრთხილა, რადგან მარეგულირებლის განცხადებით, კომპანია ონლაინ რეკლამის ბაზარზე კონკურენციის დარღვევისა და დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენების გამო, ევროკავშირის ანტიმონოპოლიურ კანონებს არღვევს.