LIVE

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა რეორგანიზაციის შესახებ ბრძანება მიიღეს

23 მარ 202315:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 681
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა რეორგანიზაციის შესახებ ბრძანება მიიღეს

რეორგანიზაციის ფარგლებში, კლინიკის ხელმძღვანელობა რესპუბლიკური საავადმყოფოდან მედპერსონალთან ერთად, არასამედიცინო პერსონალის, ანუ ადმინისტრაციის თანამშრომლების გათავისუფლებასაც გეგმავს.

მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ბრძანება საავადმყოფოს ადმინისტრაციის თანამშრომლებმა უკვე მიიღეს.

„ბიზნეს ფორმულას“ რესპუბლიკური საავადმყოფოდან რეორგანიზაციის შესახებ ბრძანება მიაწოდეს, რომელსაც ხელს კლინიკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ავალიანი აწერს.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საავადმყოფოში სპეციალური კომისია უკვე შეიქმნა, რომელიც რეორგანიზაციას განახორციელებს. პროცესი კი, მიმდინარე წლის 30 აპრილს დასრულდება. 

დაგეგმილ რეორგანიზაციას კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი საავადმყოფოს ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფით ხსნის. თუმცა, არ განმარტავს, რატომაა დასაქმებულის გათავისუფლება აუცილებელი.

გაასაჩივრებენ თუ არა ბრძანებას თანამშრომლები, ჯერ უცნობია. დასაქმებულთა ნაწილი "ბიზნეს ფორმულასან" პირად საუბრებში აცხადებს, რომ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს.

მას შემდეგ, რაც რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა ღია წერილი გაავრცელეს, სადაც კლინიკის მოსალოდნელი დახურვის, დანგრევის და მედპერსონალის გათავისუფლების შესახებ წერდნენ, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ საპასუხოდ თქვა, რომ ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი სახელმწიფო კლინიკა ზუსტად იმავე ადგილზე მოეწყობა, სადაც დღეს, რესპუბლიკური საავადმყოფო მდებარეობს.

გაბუნიას თქმით, პროექტი უკვე მზად არის, რაც ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მის ამუშავებას. იქნება გარკვეული გარდამავალი პერიოდი, რომელიც დაეთმობა სამშენებლო სამუშაოებს, კლინიკის რეკონსტრუქციას და აღჭურვას.

„ამ პერიოდის განმავლობაში, მერწმუნეთ, სრულად იქნება დაცული სამედიცინო პერსონალის უფლებები როგორც ანაზღაურების, ისე - დასაქმების კუთხით“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის დეტალური პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით მისივე კლინიკა არის და იქნება, სახელმწიფოსთვის, ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მთავარი საყრდენი.