LIVE

თამარ გაბუნია: რესპუბლიკური საავადმყოფოს ლოკაცია არ შეიცვლება

23 მარ 202312:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 456
თამარ გაბუნია: რესპუბლიკური საავადმყოფოს ლოკაცია არ შეიცვლება

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს კომერციალიზაცია სრულიად გამორიცხულია.

რესპუბლიკურ საავადმყოფოს თანამშრომლების განცხადების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრომ მინისტრის მოადგილის კომენტარი გაავრცელა. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი სახელმწიფო კლინიკა ზუსტად იმავე ადგილზე მოეწყობა, სადაც დღეს, რესპუბლიკური საავადმყოფო მდებარეობს.

„პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებს რესპუბლიკური
საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მის ამუშავებას. იქნება გარკვეული გარდამავალი პერიოდი, რომელიც დაეთმობა სამშენებლო სამუშაოებს, კლინიკის რეკონსტრუქციას და აღჭურვას. ამ პერიოდის განმავლობაში, მერწმუნეთ, სრულად იქნება დაცული სამედიცინო პერსონალის უფლებები როგორც ანაზღაურების, ისე - დასაქმების კუთხით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის დეტალური პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება. მისივე თქმით, კლინიკა არის და იქნება, სახელმწიფოსთვის, ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მთავარი საყრდენი.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ხელისუფლებას მიმართეს და მოუწოდეს, არ დაუშვან კლინიკის დანგრევა და ადგილმდებარეობის შეცვლა.