LIVE

დაიხურება თუ არა რესპუბლიკური საავადმყოფო? - ექიმები ჯანდაცვის მინისტრს მიმართავენ

22 მარ 202315:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 666
დაიხურება თუ არა რესპუბლიკური საავადმყოფო? - ექიმები ჯანდაცვის მინისტრს მიმართავენ

რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. უმსხვილესი სახელმწიფო კლინიკის მედპერსონალი შიშობს, რომ სამსახურის გარეშე დარჩებიან. „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბარში საავადმყოფოს თანამშრომლები ამბობენ, რომ მასშტაბურ გათავისუფლებებს მაისიდან ელოდებიან.

საავადმყოფოს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, კოვიდ დეპარტამენტი,  პედიატრიული დეპარტამენტი და კოვიდ რეანიმაცია უკვე გაუქმდა. შესაბამისად, 24 მარტიდან, ამ დეპარტამენტებში დასაქმებული 500-მდე თანამშრომელი სამსახურის გარეშე რჩება. მათ გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკვე მიიღეს. ისინი ერთი თვის ხელფასის ოდენობის კომპენსაციას მიიღებენ.

საავადმყოფოს მოსალოდნელ დახურვასთან დაკავშირებით, თანამშრომლებმა ღია წერილიც გაავრცელეს. მედპერსონალი ირწმუნება, რომ ჯანდაცვის მინისტრმა კლინიკის შენობის ნგრევა დააანონსა და 1 000-მდე ექიმები უმუშევარი დარჩება.

„ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად ჯანდაცვის მინისტრმა დააანონსა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით. ეს იმ  პირობებში, როდესაც სულ რაღაც ერთი წლის წინ რესპუბლიკურის კოლექტივს სრულიად განსხვავებული ინფორმაცია მიეწოდა შენობის რეაბილიტაციის შესახებ“,- აღნიშნულია წერილში. 

თანამშრომლების ღია წერილი კლინიკის ხელმძღვანელობამ უპასუხოდ დატოვა. „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბარში კლინიკური დირექტორი ვლადიმერ პაპავა მიმდინარე  რეორგანიზაციას ადასტურებს. თუმცა, კლინიკის მოსალოდნელი დახურვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. თავად მედპერსონალი კი ღიად აცხადებს, რომ მაისში თანამშრომლების მასშტაბური გათავისუფლება და კლინიკის დახურვა იგეგმება.  

„ჰაერში ვართ. ოფიციალურად არავინ არაფერს გვეუბნება. ამასობაში გაირკვა, რომ ყბა-სახის ქირურგიის და ნეიროქირურგიის პროფილის პაციენტები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჩვენთან არ უნდა შემოიყვანოს. კლინიკა შესყიდვებს აგვიანებს. ცოტა ხნის წინ ბინტი არ გვქონდა, რომ შეხვევა გაგვეკეთებინა,“ - ამბობს „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბარში ექიმი აკაკი გუგულაშვილი.

მოსალოდნელი გათავისუფლებების შესახებ ექიმები მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ჯანდაცვის მინისტრმა ჯერ კიდევ თებერვალში ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა დააანონსა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ახალი რესპუბლიკურის 10 სართულიანი შენობის მშენებლობა ორწელიწად-ნახევარში დასრულდება.

თუმცა, მინისტრს არ დაუკონკრეტებია რა დაუჯდება სახელმწიფოს ახალი საავადმყოფოს მშენებლობა, პროექტი საბიუჯეტო სახსრებიდან დაფინანსდება თუ დონორის მეშვეობით, სად აშენდება ათ სართულიანი კლინიკა, დაიხურება თუ არა რესპუბლიკური საავადმყოფო და რა ბედი ელის იქ მომუშავე პერსონალს.

ექიმების ღია წერილის გავრცელების შემდეგ „ბიზნეს ფორმულა“ ჯანდაცვის სამინისტროს ისევ დაუკავშირდა, დავინტერესდით რეალურად იგეგმება თუ არა კლინიკის დახურვა და დანგრევა და ასეთ შემთხვევაში რა გამოწვევის წინაშე დადგებიან პაციენტები და ექიმები. უწყებაში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ დამატებითი დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ჯანდაცვის მინისტრი პროექტის პრეზენტაციას გეგმავს, სადაც სავარაუდოდ, მედპერსონალის კითხვებსაც უპასუხებს.