LIVE

Mercedes ელექტრონული მანქანების წარმოებისათვის მილიარდობით დოლარს გამოყოფს

25 მარ 202316:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 514
Mercedes ელექტრონული მანქანების წარმოებისათვის მილიარდობით დოლარს გამოყოფს

ავტომწარმოებელი კომპანია Mercedes ჩინეთში, გერმანიასა და უნგრეთში არსებული ქარხნებისათვის მომდევნო წლებში მილიარდობით დოლარს გამოყოფს, რათა ელექტრომანქანების წარმოება გაზარდოს.

ევროკავშირის მიზანია, ერთ სულ მოსახლეზე ნახშირორჟანგის გამოყოფა, 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ათწლეულის დასასრულისათვის გაანახევროს. 2035 წლისთვის კი გაერთიანება გეგმავს, სრულად აკრძალოს საწვავზე მომუშავე ავტომანქანების გაყიდვა. 

Mercedes-ის განცხადებით ათწლეულის ბოლოსთვის კომპანია უკვე მზად უნდა იყოს, წარმოებაში სრულად ელექტრომანქანები ჰქონდეს: “თითოეულ ქარხანაში სამნიშნა მილიონის ინვესტიციას ვდებთ”, - განაცხადა იორგ ბურცერმა, Mercedes-ის წარმოების მენეჯერმა. აღნიშნული ინვესტიციები განხორციელდება ჩინეთში - პეკინის, გერმანიაში - რაშტატის, ხოლო უნგრეთში - კეჩკემეტის ქარხნებში. 

კომპანიის განცხადებით, ქარხნების მოდერნიზაცია მიზნად ისახავს ენერგიისა და წყლის მოხმარების შემცირებასა და წარმოებისთვის გაზის უფრო ნაკლებად გამოყენებას.

აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილების წარმოების გაფართოებით უფრო და უფრო მეტი ავტომწარმოებელი ინტერესდება. მაგალითად, Volkswagen მომდევნო 5 წელი ახალი ბატარეებისა და საწარმოო რესურსებისათვის, რომლებმაც ელექტრომობილების ღირებულება უნდა შეამციროს, 180 მილიარდ ევროს გამოყოფს. კომპანია იმედოვნებს, რომ პირველ ელექტრომობილს 2025 წლისთვის გამოუშვებს. BMW-ს განცხადებით, 2030 წლისთვის წარმოებული ავტომობილების ნახევარზე მეტი ელექტრომანქანა იქნება. Porsche და Ferrari გამოვიდნენ ინიციატივებით, რომ შეიმუშაონ ალტერნატიული ვარიანტი ავტომანქანებისა, რომლებიც სინთეზურ “ელექტროსაწვავზე” იმუშავებენ. მიუხედავად ამისა, ევროკავშირი შეთანხმებულია, რომ 2030 წლისათვის ენერგიის მოხმარება 11.7%-ით უნდა შეამცირონ, რისი უმნიშვნელოვანესი საკითხიც სრულად ელექტრო ავტომობილებზე გადასვლაა.