LIVE

Porsche-სა და Ferrari-ის ინიციატივა "ელექტროსაწვავზე" ევროკავშირის გეგმებს ცვლის

12 მარ 202315:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 494
Porsche-სა და Ferrari-ის ინიციატივა "ელექტროსაწვავზე" ევროკავშირის გეგმებს ცვლის

ევროკავშირი უკვე დიდი ხანია გეგმავს, 2035 წლისთვის სრულად ამოიღოს მოხმარებიდან შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილები და ისინი ეკოლოგიურად სუფთა ელექტრომობილებით ჩაანაცვლოს. ამჟამად განხილვებში ევროპის ორი ყველაზე ცნობილი ავტომწარმოებელი - Porsche და Ferrari - ჩაერთო და “ელექტროსაწვავის” კომპრომისული ალტერნატივით საუბრები სრულად სხვა მიმართულებით შეცვალა. 

ინდუსტრიის ძვირადღირებული კომპანიები სრულად ელექტრომანქანებსა და შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებს შორის შუალედს “ელექტროსაწვავში” ხედავენ, თუმცა აღნიშნული ალტერნატივა ეწინააღმდეგება ევროკავშირის 2035 წლის გეგმას, რომლის მიხედვითაც სრულად უნდა აიკრძალოს შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების წარმოება. ამასთან, Porsche-სა და Ferrari-ის, როგორც ავტოინდუსტრიაში გერმანიისა და იტალიის, სახეების პოზიცია ყურადსაღები აღმოჩნდა ამ ქვეყნების მთავრობებისთვის: კომპრომისულ ალტერნატივაზე გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს კვირას ესაუბრა. 

ევროკავშირის საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა გასულ კვირას უნდა ჰქონოდა, თუმცა Porsche-სა და Ferrari-ის განცხადებებმა სინთეზური “ელექტროსაწვავის” შესახებ ბრიუსელში ახალი კითხვები გააჩინა და 7 მარტს ჩანიშნული საბოლოო კენჭისყრაც გადაიდო. 

ამასთან, სრულად ელექტრომანქანებზე გადასვლის შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობის მიღების შენელებამ პროტესტი გააღვივა ავტოინდუსტრიის ისეთ მწარმოებლებში, რომლებიც უკვე ბევრს ხარჯავენ ელექტროავტომობილების საწარმოებლად და აღარ აწყობთ კიდევ უფრო ძვირი “ალტერნატიული ელექტროსაწვავის” განხილვა. 

Porsche-სა და Ferrari-ისთვის შიგაწვის ძრავაზე მომუშავე და, განსაკუთრებით, სპორტული მანქანები, სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს. შესაბამისად, ისინი ეძებენ გზებს, შექმნან ეკოლოგიურად სუფთა საწვავი, რითაც დეკარბონიზაციის პოლიტიკასაც ხელს შეუწყობენ და არც თავიანთ წარმოებაზე იტყვიან უარს. 

იდეის მომხრეები აცხადებენ, რომ ელექტროსაწვავი წარმოადგენს სინთეზურ ნახშირწყალბადს, რომელიც მიიღება ნახშირორჟანგისა და წყლისგან გამოყოფილი წყალბადის შეერთებით. მათი თქმით, იგი განახლებადი და ეკოლოგიურად სუფთა რესურსია. აღნიშნული სინთეზის მეთოდი განსაკუთრებით მიმზიდველია გერმანიისთვის, რომელმაც II მსოფლიო ომის დროს სამხედრო ტექნიკაში ნავთობი თხევადი საწვავით ჩაანაცვლა. 

პარალელურად, ტრანსპორტის დეკარბონიზაცია ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ მიზნად განიხილება კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე. გაერთიანებას სურს, 2050 წლისთვის ნახშირორჟანგის გამოყოფა 55%-ით შეამციროს. ოქტომბერში ევროპარლამენტი შეთანხმდა გადაწყვეტილებაზე, თუმცა შოლცის ინიციატივა დამატებითი ცვლილებების საფუძველს იძლევა, რომელიც 2035 წლისთვის მისაღწევ გეგმას პრინციპულად ეწინააღმდეგება.