BMW-ს განცხადებით, 2030 წლისთვის კომპანიის მიერ წარმოებული ავტომობილების 50%-ზე მეტი სრულად ელექტრო იქნება. სამომავლოდ კომპანია წყალბადზე მომუშავე ავტომობილების წარმოებასაც გეგმავს.
უფრო დეტალურად, კომპანიის განცხადებით, 2025 წლისთვის BMW-ს წარმოების 25% ელექტრომანქანა იქნება. 2026 წლისთვის ეს რიცხვი 30%-მდე უნდა გაიზარდოს, ხოლო ახალი ათწლეულის დასაწყისისთვის BMW-ს წარმოების ნახევარზე მეტი მხოლოდ სრულად ელექტრომობილები უნდა იყოს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ოლივერ ციპსეს განცხადებით, მალე BMW წყალბადზე მომუშავე ავტომობილების წარმოებასაც დაიწყებს: “ელექტრომანქანების წარმოებასთან ერთად წყალბადზე მომუშავე ავტომობილები ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია”, - აღნიშნა ციპსემ.
კომპანიის თქმით, წყალბადზე მომუშავე სატესტო მანქანა BMW iX5 Hydrogen საათში 500 კილომეტრზე გადაადგილდება და საწვავის ავზის ავსებას სამი-ოთხ წუთს ანდომებს.
გასულ კვირას გამოქვეყნებული ანგარიშების თანახმად, BMW-ს მოგების 8.6%-იანი მარჟა აქვს. ავტოწარმოების მიმართულებით კომპანია მომდევნო წლისთვის დაახლოებით იმავე პროცენტული რაოდენობის მოგების მარჟას ვარაუდობს. საწარმოო ნედლეულის მაღალი ფასებისა და ლოჯისტიკური ხარჯების მიუხედავად, კომპანია აცხადებს, რომ მომდევნო წლებისთვის სტაბილური ფასები შენარჩუნდება.
ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით BMW-სთან ერთად სხვა ავტოკომპანიებიც გააქტიურდნენ. Volkswagen-მა, რომელმაც ახალი ბატარეების შეძენისთვის 180 მილიარდ ევროიანი ინვესტიცია გააკეთა, იმედოვნებს, რომ ელექტრომობილებს ბაზარზე 2025 წლიდან გამოუშვებს. Porsche და Ferrari გამოვიდნენ ინიციატივებით, რომ შეიმუშაონ ალტერნატიული ვარიანტი ავტომანქანებისა, რომლებიც სინთეზურ “ელექტროსაწვავზე” იმუშავებენ. მიუხედავად ამისა, ევროკავშირი შეთანხმებულია, რომ 2030 წლისათვის ენერგიის მოხმარება 11.7%-ით უნდა შეამციროს, რისი უმნიშვნელოვანესი საკითხიც სრულად ელექტრო ავტომობილებზე გადასვლაა.