LIVE

ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან შეუთავსებელია - EU-ს წარმომადგენლობა

08 მარ 202309:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 658
ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან შეუთავსებელია - EU-ს წარმომადგენლობა
პარლამენტის მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას საქართველოში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ძალიან ცუდი მოვლენაა.
 
"ეს კანონი მისი არსებული ფორმით სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციებზე უარყოფითი ზემოქმედების საფრთხეს შეიცავს და საქართველოს ბევრ მოქალაქეს, ვისთვისაც ამ ორგანიზაციების მუშაობას სარგებელი მოჰქონდა, საზიანო შედეგებს მოუტანს. ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან შეუთავსებელია. ის ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. მის საბოლოო მიღებას შეიძლება ჩვენი ურთიერთობებისთვის სერიოზული სავალალო შედეგები მოჰყვეს.
 
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს შეასრულოს თავისი ვალდებულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობასთან მიმართებაში და შეგახსენებთ, რომ ხალხს მშვიდობიანი პროტესტის უფლება გააჩნია", - ნათქვამია განცხადებაში.
 
კანონპროექტს გუშინ მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 13 წავიდა. კანონის გასაპროტესტებლად თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა. 

აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი. სპეცრაზმმა გამოიყენა რეზინის ტყვიებიც.

პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".