LIVE

IMF ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებში რისკებს ხედავს

17 თებ 202319:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 773
IMF ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებში რისკებს ხედავს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ეროვნული ბანკის შესახებ კანონში დაჩქარებული წესით შეტანილ ცვლილებებში რისკებს ხედავს.

საუბარია ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც სებ-ში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის.

„მაღალი რისკების პირობებში, პოლიტიკის საიმედოობის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში ცვლილებების შეტანის მიზნით გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები, რომელიც ცვლის საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მართვის სტრუქტურას, თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის. სების მმართველობის სტრუქტურის ნებისმიერი ცვლილება დაკვირვებულ მიდგომას საჭიროებს და შინაარსობრივი კონსულტაციების საფუძველზე უნდა განხორციელდეს, რაც ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობას და სანდოობას უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც სავალუტო ფონდმა საქართველოში მისიის ვიზიტის დასრულებასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია თბილისში ვიზიტით 13-17 თებერვალს იმყოფებოდა.

„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, სებ-ის პრეზიდენტს, 1 პირველი ვიცე-პრეზიდენტი და 2 ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება. პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ახალია და საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებამდე არ არსებობდა. პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს.

კიდევ ერთი ცვლილება ვიცე-პრეზიდენტების წარდგენის საკითხს ეხება. თუ სებ-ის პრეზიდენტი პირველი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურას ვერ წარადგენს, საბჭოს არანაკლებ ორ წევრს შეუძლია მისი წარდგენა, რომელსაც საბჭო დაამტკიცებს.

ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს პრეზიდენტობის ვადა 2 მარტს ეწურება და ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება მისი შემცვლელი.