სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 8.4%-ით გაიზარდა.
იანვარში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობებისა და ენერგეტიკის სექტორებში.
საქსტატის თანახმად, 2023 წლის იანვარში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 38.5%-ით, ხოლო იმპორტი - 25.2%-ით.
მხოლოდ იანვარში, საქართველოში, 6 461 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 99.7%-ითაა გაზრდილი.
იანვარში 18.8%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 10 მლრდ 51 მლნ ლარს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ წელს მთავრობა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის შემცირებას ელის. 2023 წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
გასულ კვირაში გამოქვეყნებული პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ანგარიშის თანახმად, 2023 წლის I კვარტალში, ოფისი საქართველოს ეკონომიკის 7.2%-იან ზრდას პროგნოზირებს. მათი შეფასებით, მშპ-ის მოსალოდნელი ზრდა განპირობებული იქნება 2022 წელს დაწყებული გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4%-თან ახლოს იქნება. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 4.5%-ით გაიზრდება. Galt & Taggart-ის საბაზისო სცენარის მიხედვით კი, 2023 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი 4.8%-მდე შენელდება.
რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ეკონომიკის საშუალო რეალური ზრდა 10.1% იყო.
გასულ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიზეზად არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეულ მიგრანტების ნაკადს ასახელებდა. რამდენადაც, იმიგრანტების მხრიდან გაიზარდა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე, პროდუქტებსა და სერვისებზე. ასევე, მიგრაციის ფონზე გაზრდილმა ტურისტულმა შემოსავლებმა და გზავნილებმა ეკონომიკური ზრდა წაახალისა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რუსეთის 1 459 546-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, წლიური ზრდა 401%-ია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მათი დიდი ნაწილი, 1 405 552 ადამიანი, საქართველოში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-დეკემბრის პერიოდში შემოვიდა.