LIVE

G&T: საბაზისო სცენარით წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზრდება

30 იან 202317:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 489
G&T: საბაზისო სცენარით წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზრდება

Galt & Taggart-ის მოლოდინით, საბაზისო სცენარის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი 4.8%-მდე შენელდება.

ანალიტიკური ორგანიზაციის ახალი მიმოხილვის თანახმად, ეს მოლოდინი ეყრდნობა გათვლებს, რომ წელს მიგრანტებთან დაკავშირებული სავალუტო შემოდინებები (ფულადი გზავნილები, ტურიზმი) გარკვეულწილად შენარჩუნდება, თუმცა არა აქამდე არსებული ტემპებით.

მიმოხილვაში საუბარია ალტერნატიულ სცენარებზეც და ნათქვამია, რომ ნეგატიური სცენარის მიხედვით, რომელიც მათ შორის მიგრანტებთან დაკავშირებული შემოდინებების მნიშვნელოვან კლებას ითვალისწინებს, შესაძლოა წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი 1.2%-მდეც შენელდეს. ეს სცენარი ასევე მოიცავს საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში დაბალ ეკონომიკურ ზრდას.

Galt & Taggart-ის ოპტიმისტური სცენარის თანახმად კი წელს საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზრდება. ეს პროგნოზი ეყრდნობა გათვლებს, რომ წელს ქვეყანაში რუსეთიდან მიგრანტების დამატებითი ნაკადები შემოვა.

„ჩვენი საბაზისო პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზრდება. ეს გათვლები ეყრდნობა დაშვებას, რომ 2023 წელს ტურიზმის შემოსავლების ზრდა გაგრძელდება, დაახლოებით 15%-ის ფარგლებში. ასევე საინვესტიციო აქტივობა დაჩქარდება და მიგრანტებთან დაკავშირებულ შემოდინებებს განგრძობითი ეფექტი ექნება, თუმცა არა ისეთი როგორიც აქამდე იყო. ნეგატიურ სცენარში ოთხ შოკზე ვსაუბრობთ, ესაა მიგრანტებთან დაკავშირებული სავალუტო შემოდინებების მნიშვნელოვანი კლება, საბანკო სექტორიდან არარეზიდენტების დეპოზიტების გადინება, ასევე უძრავი ქონების ბაზრის მაჩვენებლების პანდემიამდელ ნიშნულამდე  დაბრუნება. ასევე ეს სცენარი მოიცავს საქართველო ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში დაბალ ეკონომიკურ ზრდას. ამ გადმოსახედიდან, მეტი ალბათობაა, რომ საბაზისო სცენარის მიხედვით განვითარდეს მოვლენები, თუმცა გაურკვევლობა კვლავ საკმაოდ მაღალია“, - განაცხადა „ბიზნეს ფორმულასთან“ Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ.

ცნობისთვის, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის განახლებული შეფასებით, წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 4.5%-მდე შემცირდება. Fitch-ი შარშან საქართველოს ეკონომიკის 10%-ის ფარგლებში გაზრდას მიგრანტების ეფექტით გაზრდილ მოთხოვნას და ტურიზმიდან შემოსავლების პანდემიამდელ მაჩვენებელზე გადაჭარბებას უკავშირებს. სარეიტინგო კომპანიის თანახმად, წელს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება რუსეთიდან შემოდინებების კლებით და სუსტი საგარეო მოთხოვნით იქნება განპირობებული.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 11 თვეში საქართველოს ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა.