LIVE

IMF ელის, რომ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4%-თან ახლოს იქნება

18 თებ 202311:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 572
IMF ელის, რომ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4%-თან ახლოს იქნება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ელის, რომ 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4%-თან ახლოს იქნება.

საერთაშორისო ორგანიზაცია, 2022 წელს ორნიშნა ზრდის შემდეგ ეკონომიკური ზრდის შენელების მოლოდინებს, მიგრანტების და სავალუტო ნაკადების მილევით, სავაჭრო პარტნიორების ზრდის შენელებით და შემზღუდველი ფისკალური პოლიტიკით ხსნის. IMF-ის თანახმად, უჩვეულოდ მაღალი გაურკვევლობის გათვალისწინებით, ზრდის შენელების მოლოდინის ფონზე, პრიორიტეტად ნარჩუნდება: მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, გაცვლითი კურსის მოქნილობა, ფისკალური და სავალუტო ბუფერების შემდგომი ზრდა.

სავალუტო ფონდი მიუთითებს, რომ გასულ წელს ორნიშნა ზრდა უკრაინაში რუსეთის ომისგან მომდინარე უარყოფითი გავლენის შეზღუდული ეფექტის, ტურიზმის სწრაფი აღდგენის, ომთან დაკავშირებული მიგრანტების და ფინანსური ნაკადების შემოდინების და ტრანზიტული ვაჭრობის ზრდის გათვალისწინებით დაფიქსირდა. ასევე მიუთითებს, რომ ამ გარემოებათა ერთობლიობამ ხელი შეუწყო საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას, შეამცირა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და შესაძლებელი გახადა სავალუტო რეზერვების დაგროვება და ლარის გამყარება.

რაც შეეხება ინფლაციას, IMF-ის თანახმად, ინფლაციის საერთო მაჩვენებელი 2022 წლის მეორე ნახევრიდან შენელდა, რასაც სასაქონლო ფასების კლებამ, ლარის გამყარებამ და კრედიტის ზრდის ტემპის შენელებამ შეუწყო ხელი. ეს თავის მხრივ უკავშირდება წინა პერიოდებში პოლიტიკის განაკვეთის ზრდას, მაკროპრუდენციული ღონისძიებებს და გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრებას. მაშინ, როდესაც ინფლაცია სებ-ის მიზნობრივ მაჩვენებელზე ბევრად მაღალ დონეზე ნარჩუნდება, ძირითადი ინფლაცია და ინფლაციის მოლოდინები იანვარში ძლიერი შიდა მოთხოვნისა და საცხოვრებლის ქირის ზრდის გამო გაიზარდა, რაც, დიდწილად, მიგრანტების შემოდინებამ გამოიწვია.

"ინფლაციის შემცირების ნელი პროცესის გაგრძელება წელს და ეროვნული ბანკის სამიზნე, 3 პროცენტიანი, მაჩვენებლის მიღწევა 2024 წლის შუა პერიოდში, მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას და სებ-ის დამოუკიდებლობის საჭიროებს. ამ კონტექსტში, მისია მიესალმება ეროვნული ბანკის ერთგულებას მოქნილი გაცვლითი კურსის, სარეზერვო ბუფერების დაგროვების და ძლიერი და მედეგი ფინანსური სექტორის მიმართ. ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის დინამიკის გულდასმით შეფასება უნდა გააგრძელოს და საპროცენტო განაკვეთების შემდგომი გაზრდისთვის იყოს მზად, თუ ინფლაციის გაძლიერების ნიშნები გახანგრძლივდება",- აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც სავალუტო ფონდმა საქართველოში მისიის ვიზიტის დასრულებასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.

ამასთან, IMF ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში ცვლების შეტანის მიზნით გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები, რომელიც ცვლის ეროვნული ბანკის მართვის სტრუქტურას, თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია თბილისში ვიზიტით 13-17 თებერვალს იმყოფებოდა. მისიის მიზანი ქვეყნის ეკონომიკაში და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესების და რეფორმების პროგრესის შეფასება იყო.