LIVE

სებ-ის შესახებ კანონში ცვლილებებს ოპოზიციის ნაწილი აკრიტიკებს - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს გვენეტაძე?

09 თებ 202315:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 618
სებ-ის შესახებ კანონში ცვლილებებს ოპოზიციის ნაწილი აკრიტიკებს - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს გვენეტაძე?

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევამდე ერთი თვით ადრე, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში უმრავლესობის მიერ შემუშავებული ცვლილებები, თანამდებობების გადანაწილების მცდელობას უკავშირდება.

როგორც მან პლენარული სესიის სხდომაზე განაცხადა, დაგეგმილი ცვლილებების შედეგად, სავარაუდოდ, ნათია თურნავას აირჩევენ პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე, რომელსაც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაეკისრება.

„მოცემული კანონპროექტით, სავარაუდოდ, ნათია თურნავას აირჩევენ ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე. გარდამავალი დებულებით დარჩება 3 ვიცე-პრეზიდენტი. ანუ, საბჭოში, როცა კობა გვენეტაძე მას დატოვებს, გვეყოლება 4 ვიცე-პრეზიდენტი, აქედან ერთი იქნება პირველი ვიცე-პრეზიდენტი და ასევე 3 რიგითი საბჭოს წევრი. რაც აბსურდულად გამოიყურება, რადგან 7 წევრიან საბჭოში, 4 იქნება ის ადამიანი, რომელიც ამ საბჭომ უნდა გააკონტროლოს. ანუ საბჭო აკონტროლებს ინსტიტუციას, ოღონდ ამ საბჭოში უმრავლესობა აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც უნდა გაკონტროლდნენ.

არაფერი რომ არ შეგვეცვალა, არჩილ მესტვირიშვილი იქნებოდა მოვალეობის შემსრულებელი 2 თვე, სანამ ვადა ამოეწურებოდა, მაგრამ მისი მოხსნა არ გვინდა ვიცე-პრეზიდენტის პოზიციიდანო, მოდით დავნიშნოთ ნათია თურნავა, მერე მესტვირიშვილს გაუვა ვადა, ნათია თურნავა, ნიკოლოზ გაგუა და პაპუნა ლეჟავა დარჩებიან 3 ვიცე-პრეზიდენტად და ბალანსი აღდგებაო. ეს არის რაც ხდება.

მოვალეობის შემსრულებელი შეიძლება დიდი ხნის მანძილზე იყოს. ეროვნული ბანკის ისტორიაში ასეთი შემთხვევა ყოფილა. ამიტომ შეიძლება 1 ან 2 წელი გავიდეს და მოვალეობის შემსრულებელი დარჩეს. ვხვდები, რომ შიდა აპარატურულ ბრძოლაში ეს ერთ-ერთი გზაა, როგორ გახდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ისე, რომ ფორმალურად არ იყო“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლების მხრიდან მარეგულირებლის საკადრო საქმიანობაში ჩარევის მცდელობაზე გაამახვილა ყურადღება „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელმა, დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა. მისი თქმით, ცვლილებების მიზანია, ხელისუფლება უხეშად ჩაერიოს დამოუკიდებელი ინსტიტუტის შიდა ცხოვრებაში - საკადრო საქმიანობაში.  

„ამ კანონის დანიშნულებაა, გახსნას გზა სამი არსებული მოადგილიდან ვინმე სხვისთვის, პირველი მოადგილეობის სტატუსის მიღების და შესაბამისად, ბანკის დროებითი მმართველის სტატუსის მინიჭების. ეს არის ამოცანა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელთანაც სებ-ს შენიშვნები ჰქონდა, დაკორექტირდა. შედეგად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სამის ნაცვლად 2 ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, სებ-ში ჩნდება ახალი, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ პირველი ვიცე-პრეზიდენტი არა არსებული ვიცე-პრეზიდენტებიდან, არამედ საბჭოს სრული შემადგენლობიდან აირჩევა. ავტორები ცვლილებებს იმ ფაქტს უკავშირებენ, რომ ამჟამად მოქმედი რედაქციის მიხედვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში ბუნდოვანია, თუ რომელი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს მის მოვალეობას. 

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს პრეზიდენტობის ვადა 2 მარტს ეწურება და ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება მისი შემცვლელი.

ეროვნული ბანკის საბჭო

საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც 9 წევრისაგან შედგება. მის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს.

ამ ეტაპზე საბჭოში 8 წევრია და ის შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული:

  • საბჭოს თავმჯდომარე, სებ-ის პრეზიდენტია, შესაბამისად, ამ თანამდებობას ამჟამად კობა გვენეტაძე იკავებს;
  • საბჭოში არის სამი ვიცე-პრეზიდენტი: არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა. 
  • ეროვნული ბანკის საბჭოში 4 არააღმასრულებელი წევრია: ნათია თურნავა, რომელიც პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტმა გასული წლის 7 ივნისს აირჩია, ეკატერინე მიქაბაძე, რობერტ სინგლეტარი და ეკატერინე გალდავა.