LIVE

რა ცვლილებები შედის „საპარტნიორო ფონდის“ შესახებ კანონში

07 თებ 202317:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 652
რა ცვლილებები შედის „საპარტნიორო ფონდის“ შესახებ კანონში

„საპარტნიორო ფონდის“ შესახებ მომზადებული კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა.

ფონდს სახელი ეცვლება, ამასთან ის ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება. დოკუმენტის განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. 

კანონპროექტი შემდეგს ითვალისწინებს: 

  • ფონდის სახელი შეიცვალოს სახელწოდებით „საქართველოს განვითარების ფონდი“; 
  • დაზუსტდეს ფონდის მიზნები. ესენია: ა) კომერციულად მდგრადი პროექტების განხორციელება, მოგების მიღება და ფინანსური აქტივების ღირებულების გაზრდა; ბ) საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის ათვისება; გ) ადგილობრივი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებში საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად ფულადი და არაფულადი თანამონაწილეობის გზით; დ) ახალი პროექტების შემუშავება და დაფინანსება; ე) განხორციელებულ პროექტებში არსებული თავისი კუთვნილი წილის/აქციების განკარგვა;
  • გამკაცრდეს ფონდის პროექტებში მონაწილეობის კრიტერიუმები და მიმართულებები;
  • განისაზღვროს ფონდის ვალდებულება 100%-ით გამოვიდეს განხორციელებული პროექტებიდან;
  • განხორციელდეს ფონდის მმართველობის სტრუქტურის ოპტიმიზაცია. კერძოდ, სამეთვალყურეო საბჭო დაკომპლექტდეს მთავრობის წარმომადგენლების გარეშე და შესაბამისად, ახალმა სამეთვალყურეო საბჭომ შეითავსოს საინვესტიციო საბჭოს ფუნქციები;
  • გამოსწორდეს გარკვეული ტექნიკური ხასიათის ხარვეზები;
  • დარეგულირდეს გარდამავალი ეტაპი რა დროშიც უნდა შეიცვალოს ფონდის წესდება, მათ შორის, შეიცვალოს ფონდის სახელწოდება და შერჩეულ იქნენ წევრები სამეთვალყურეო საბჭოში.

კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა და მის შემუშავებაში ჩართული იყო თავად „საპარტნიორო ფონდი“.