
პირველი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება, რაც A კატეგორიის ტაქსების ნებართვის ბაზრის შექმნას ითვალისწინებს. რეფორმის პრეზენტაციაზე თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, რომ ტაქსის 1-წლიანი A კატეგორიის ნებართვები უვადო გახდება.
პირველი აპრილიდან ტაქსის მძღოლებისთვის შემდეგი ცვლილებები ამოქმედდება:
- ბაზარზე დაშვებული იქნება A კატეგორიის ნებართვებით ვაჭრობა - ყიდვა-გაყიდვა, იჯარით გაცემა და მიღება, ასევე ნებართვის უფლებრივად დატვირთვა;
- A კატეგორიის ნებართვა ფასიანი აქტივი იქნება;
- A კატეგორიის სანებართვო ბაზარზე შესვლა, ფიზიკურ პირებთან ერთად, იურიდიულ პირებსაც შეეძლებათ;
- 20 მარტიდან მუნიციპალიტეტი შეწყვეტს არსებული სისტემით A კატეგორიის ნებართვების გაცემას;
- პირველი აპრილიდან მერიაში უვადო, ახალი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვის აღება, ერთჯერადად, მხოლოდ იმ პირებს შეეძლებათ, რომლებიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ნებისმიერ პერიოდში ერთხელ მაინც ფლობდნენ A კატეგორიის ნებართვას. ერთ ფიზიკურ პირს მხოლოდ ერთი ნებართვის აღების უფლება ექნება;
- ყველა დანარჩენ მოქალაქეს, პირველი აპრილიდან, A კატეგორიის ნებართვის მიღება, შესყიდვის ან იჯარის გზით, იმ პირებისგან შეეძლება, რომლებიც მას ფლობენ;
- პირველი აპრილიდან ამოქმედდება ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge, სადაც ყველა ტრანზაქციის განხორციელება იქნება შესაძლებელი;
- პირველი აპრილიდან გაცემული ახალი, A კატეგორიის ნებართვა საჭიროებს მიმღების მიერ აქტივაციას, რომლის ვადად 2023 წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე პერიოდი განისაზღვრა;
- A კატეგორიის ნებართვა, რომელიც დადგენილ ვადაში არ გააქტიურდება, ავტომატურად გაუქმდება ვადის გასვლისთანავე;
- A კატეგორიის ნებართვის საფასური უცვლელია და დაანგარიშდება დღიურად. მოქალაქეს, რომელიც აიღებს ნებართვას, მაგრამ არ გამოიყენებს და შეინახავს, დღეში 3 ლარის გადახდა მოუწევს. იმ პირს კი, რომელიც აიღებს ნებართვას და შესაბამის საქმიანობაში ჩაერთვება, ეს საფასური არ შეეხება;
- ფიზიკურ პირებს, რომლებსაც არასოდეს აუღიათ A კატეგორიის ნებართვა და ახორციელებენ, ან სურვილი აქვთ განახორციელონ A კატეგორიის ბაზარზე ტაქსის მომსახურება, ახალი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ 2023 წლის 20 მარტამდე აიღებენ დღეს არსებული სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვას.
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ რეფორმა A კატეგორიის ავტომობილებზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებას არ ითვალისწინებს.
რაც შეეხება B კატეგორიას, მერიაში აცხადებენ, რომ მასთან დაკავშირებული წესები უცვლელი რჩება.
აღსანიშნავია, რომ პირველი აპრილიდან, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს საავტობუსე ზოლში მგზავრის აყვანა/ჩამოსმა შეეძლებათ.
ტაქსების რეფორმა 2018 წელს დაიწყო და პირველ ეტაპზე ლიცენზიები გაიცა. მეორე ეტაპზე - 2019 წლიდან ძალაში შევიდა რეგულაცია მარჯვენასაჭიანი და განსხვავებული ფერის ავტომანქანების შეზღუდვაზე და ტაქსები ორ კატეგორიად გაიყო. რეფორმის შედეგად, A კატეგორიაში 19 348 ნებართვა გაიცა, ხოლო B კატეგორიაში - 7 798.