LIVE

ტაქსების 1-წლიანი A კატეგორიის ნებართვები უვადო გახდება

02 თებ 202311:56
3 წუთის საკითხავი
clock clock 505
ტაქსების 1-წლიანი A კატეგორიის ნებართვები უვადო გახდება

პირველი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება. მერიის ინფორმაციით, ტაქსების 1-წლიანი A კატეგორიის ნებართვები უვადო გახდება. ბაზარზე დაშვებული იქნება A კატეგორიის ნებართვების ყიდვა-გაყიდვა, იჯარით გაცემა და მიღება, ასევე ნებართვის უფლებრივად დატვირთვა. 

ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ 2023 წლის 20 მარტიდან მუნიციპალიტეტი შეწყვეტს არსებული სისტემით A კატეგორიის ნებართვების გაცემას. პირველი აპრილიდან კი მერიაში, უვადო, ახალი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვის აღება, ერთჯერადად, მხოლოდ იმ პირებს შეეძლებათ, რომლებიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე პერიოდში ერთხელ მაინც ფლობდნენ A კატეგორიის ნებართვას.

ყველა დანარჩენ მოქალაქეს კი, პირველი აპრილიდან, A კატეგორიის ნებართვის მიღება, შესყიდვის ან იჯარის გზით, იმ პირებისგან შეეძლება, რომლებიც მას საკუთრებაში ფლობენ. 

„ნებართვა, რომელიც პირველი აპრილიდან გაიცემა, მუდმივად თქვენი საკუთრება იქნება. მეტ ლიცენზიას, ნებართვას, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი აღარ გასცემს.

ვნახეთ, როგორ რეგულირდება ეს საკითხი ევროპულ ქვეყნებში. ალბათ, ვინც ამ მიმართულებით მუშაობთ, ჩემზე მეტი ინფორმაცია გაქვთ და იცით, რომ ტაქსის ნებართვები აღარ არსებობს. ის ადამიანებს იმ ოჯახებიდან გადაეცემათ, რომლებსაც თავის დროზე აქვთ აღებული. თუ პიროვნებას არ სურს, რომ ნებართვით საქმიანობა გააგრძელოს, შესაბამის პლატფორმას ვქმნით, სადაც მას შეეძლება გამოიტანოს ნებართვა და ივაჭროს. ნებართვა 1 000 და 2 000 ლარი კი არა, გაცილებით მეტი ეღირება. ცხადია, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, რომ ხელში მნიშვნელოვანი აქტივი გქონდეთ“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე.