
გაუტამ ადანი ინდოეთის და ამასთან, აზიის უმდიდრესი ადამიანი აღარ არის. 2023 წელს მისი ქონება $48 მილიარდით შემცირდა. ერთი კვირის განმავლობაში მან იმაზე მეტი დაკარგა, ვიდრე ერთი წლის განმავლობაში დააგროვა.
Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსში ადანის რეიტინგი ყოველდღიურად ეცემა. დღევანდელი მონაცემებით, მას კიდევ ერთმა მილიარდერმა, მუკეშ ამბანიმ გაუსწრო.
ადანის ქონება $72 მილიარდამდე შემცირდა, ხოლო ამბანის ქონებამ $81-ს მილიარდს მიაღწია.
2005 წელს მამისგან გადამამუშავებელი და პეტროქიმიური ბიზნეს იმპერიის მემკვიდრეობის მიღების შემდეგ, 64 წლის ამბანი შეეცადა ენერგეტიკული გიგანტი საცალო ვაჭრობის, ტექნოლოგიისა და ელექტრონული კომერციის ლიდერად ექცია. მისი სატელეკომუნიკაციო განყოფილება ინდოეთის ბაზარზე დომინანტი ოპერატორია.
2021 წელს ამბანის ქონება $23.8 მილიარდით გაიზარდა, $100.6-ს მიაღწია და $100 მილიარდერთა მსოფლიო კლუბს შეუერთდა.
2022 წელს აზიის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი მას გაუტამ ადანიმ ჩამოართვა. მაშინ, როდესაც დასავლელი მილიარდერების ქონება შემცირდა, ადანის ქონების ღირებულება თითქმის გაორმაგდა და $64.8 მილიარდიდან $141.4 მილიარდამდე გაიზარდა. ის პირველი აზიელი ადამიანი გახდა, რომელიც Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის სამეულში მოხვდა.
გასულ კვირას ადანის კომპანიების აქციების სწრაფი გაყიდვა და ფასის ვარდნა საინვესტიციო კომპანია Hindenburg Research-ის ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა. ანგარიშის თანახმად, აზიის უმდიდრესმა ადამიანმა ქონება ბაზარზე მანიპულირებითა და თაღლითობით გაზარდა.