LIVE

Adani Group-ის დანაკარგმა $70 მილიარდს მიაღწია

30 იან 202315:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 445
Adani Group-ის დანაკარგმა $70 მილიარდს მიაღწია

ინდოელი მილიარდერის, გაუტამ ადანის Adani Group-ის აქციების ფასი ვარდნას განაგრძობს. დღევანდელი მონაცემებით, კომპანიების დანაკარგმა სამ დღეში $70 მილიარდს მიაღწია 

კონგლომერატში შემავალი Adan Transmission-ის, Adan Total Gas-ის, Adan Green Energy-ის, პორტებისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის აქციების ღირებულება 4%-დან 20%-მდე გაუფასურდა. 

Bloomberg-ის მილიარდერების სიის მიხედვით, ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სამეულში აღარ შედის. $92 მილიარდით ის სიის მე-7 ადგილს იკავებს. ორი კვირის განმავლობაში მილიარდერის ქონება სულ $31.3 მილიარდით შემცირდა. 

ინვესტორების მიერ კომპანიების აქციების სწრაფი გაყიდვა და ფასის ვარდნა საინვესტიციო კომპანია Hindenburg Research-ის ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა. ანგარიშის თანახმად, აზიის უმდიდრესმა ადამიანმა ქონება ბაზარზე მანიპულირებითა და თაღლითობით გაზარდა. 

ადანის კორპორაციის ადვოკატებმა ანგარიშში მოყვანილი ფაქტები უარყვეს და განაცხადეს, რომ Hindenburg Research-ის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას დაიწყებენ.   

2022 წელს, როდესაც დასავლელი მილიარდერების ქონება შემცირდა, ადანის ქონების ღირებულება თითქმის გაორმაგდა და $64.8 მილიარდიდან $141.4 მილიარდამდე გაიზარდა. ის პირველი აზიელი ადამიანი გახდა, რომელიც Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის სამეულში მოხვდა 

ადანის ბიზნესი ფოკუსირდება იმაზე, რასაც ინდოეთის პრემიერი ნარენდრა მოდი ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური მიზნებისთვის კრიტიკულად მიიჩნევს.