ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Lineate, რომელიც ქართულ ბაზარზე გასული წლის ზაფხულის მიწურულს შემოვიდა, ამ დროისთვის უკვე 100-მდე ადამიანს ასაქმებს და არსებული გეგმით, წელს თანამშრომელთა რაოდენობის გაორმაგება აქვს გადაწყვეტილი.
Lineate-ს წამყვან გლობალურ კომპანიებთან, როგორიცაა eBay, Warner Music, SAP და სხვები 15-წლიანი წარმატების ისტორია აკავშირებს.
კომპანიის რეგიონულმა დირექტორმა, გიორგი ციკოლიამ BusinessFormula.ge-ს გაუზიარა Lineate-ს დასაქმების ამბიციური გეგმები, მიუხედავად ბაზარზე საკმაოდ მაღალი კონკურენციისა, განსაკუთრებით გამოცდილი კადრების ნაწილში.
„გვაქვს საჭიროება, მეტ ადამიანს ვასაქმებდეთ საქართველოში, თუმცა გვესმის რეალობა - საკმაოდ რთულია ათობით და ასობით ისეთი პროფესიონალის მოძიება, ვისაც გამოცდილება და ცოდნა აქვს პროექტებზე მუშაობის. თუმცა მაინც ვფიქრობთ, რომ 2023 ში შევძლებთ კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების გაორმაგებას. ეს იმას ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა, გვჭირდება გამოცდილი თანამშრომლები, რომლებიც პირველივე დღიდან უნდა მივამაგროთ მიმდინარე პროექტებს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ დავასაქმებთ მათაც, ვინც ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებს დგამს და შემდგომი 100 დასაქმებულიდან ყველა არ იქნება გამოცდილი დეველოპერი. მათი დიდი ნაწილი შეიძლება იყოს დამწყები პროფესიონალები და ჩვენ მზად ვართ ჩვენი ინვესტიცია ჩავდოთ, ვასწავლოთ ამ ადამიანებს, თუ როგორ უნდა მართონ პროექტები,“ ამბობს გიორგი ციკოლია.
როგორც ირკვევა, ტექნოლოგიურ კომპანიებს და მათ შორის Lineate-ს მხოლოდ დეველოპერების საჭიროება არ აქვს და არანაკლებ დიდი მოთხოვნაა ისეთი კადრებზე, ვისაც ტექნოლოგიური პროექტების მართვა შეუძლია.
„ერთია პროგრამული ენების წერა, მაგრამ მეორეა პროექტის მართვა, რაც კონკრეტულ მიმართულებებს მოიცავს და სადაც უფრო მეტი საჭიროება გაგვაჩნია, მათ შორის პროექტის მენეჯერების, ანუ ადამიანების ვისაც აქვს უნარი იყოს კავშირში როგორც კლიენტთან, ისე საკუთარ გუნდთან. ასეთი ცოდნის მქონე ადამიანები საქართველოში ნაკლებად არის, რადგან ამ პოზიციას სპეციფიკური უნარები სჭირდება და უნდა ჰქონდეს ქვეყნის გარეთ პროექტებში მონაწილეობის მიღების გამოცდილებაც, რაც ბევრ ადამიანს ამ ქვეყანაში არ გააჩნია. თუმცა მე ვფიქრობ, რომ თუ ბევრი ჩვენნაირი კომპანია შემოვა ამ ბაზარზე, უფრო მეტ ადამიანს მიეცემა საშუალება ასეთ პროექტებში ჩაერთოს და გამოცდილება გაიმდიდროს,“ განმარტავს გიორგი ციკოლია.
მისი თქმით, კადრების დეფიციტი პრობლემატური საკითხია გლობალურად და ეს საქართველოშიც მოსალოდნელი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ „ინდუსტრია, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ არ არსებობდა ქვეყანაში, ბოლო 1,5 წელში იმდენად სწრაფად გაიზარდა და იმდენად დიდი მოთხოვნა შეიქმნა კადრებზე, რომ ამ პროცესს მიწოდება ვერ დაეწია.“ თუმცა, Lineate-ს მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ დროთა განმავლობაში ეს ბალანსი აღდგება.
„მე მჯერა, რომ ბაზრის მთავარი პრინციპი, მოთხოვნა-მიწოდება საქართველოშიც იმუშავებს და თუ მოთხოვნა დარჩება იმ დონეზე რა დონეზეც დღეს არის, ბაზრის მიწოდება მას დაეწევა. გვჯერა, რომ ამ დარგის პროფესიონალები, თუ ინდუსტრიაში ჩართული სხვადასხვა დარგები, მათ შორის საგანმანათლებლო სფერო დაუთმობენ დროს, ენერგიას და ინვესტიციას სათანადო კადრების მომზადებას. მეორე მხრივ, შესაძლოა კადრებმა თავად გადაწყვიტონ განვითარება, რადგან დღეს ადამიანს თავისუფლად შეუძლია საკუთარი ძალებით შეისწავლოს საჭირო უნარები ტექნოლოგიების სექტორში დასასაქმებლად,“ ამბობს გიორგი ციკოლია.
ცნობისთვის, Lineate-მ საქართველო ხანგრძლივი განხილვისა და შესწავლის შემდეგ შეარჩია აღმოსავლეთ ევროპაში საკუთარი ოპერაციების საბაზისო ცენტრად. 2022 წლის ნოემბერში კომპანია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ FDI გრანტის პირველი ბენეფიციარიც გახდა, რითაც მზაობა გამოთქვა შექმნას დამატებით მინიმუმ 50 ახალი სამუშაო ადგილი და $700,000 ინვესტიცია განახორციელოს საქართველოს ეკონომიკაში.
Lineate-ს მენეჯმენტის თქმით, აღნიშნული თანხის დიდი ნაწილი საქართველოში საგანმანათლებლო პროექტებს მოხმარდება, რითაც კომპანიის ინვესტიცია ტექნოლოგიების სექტორით დაინტერესებული შემდეგი თაობის გაზრდას და განვითარებას შეუწყობს ხელს.