კოვიდ 19-ის პანდემიამ არაერთი საინტერესო ტენდენცია გამოავლინა. მათ შორის, განსაკუთრებით სამუშაო ძალის ტრანსფორმაციის თვალსაზრისით. სოციალურად დისტანცირებულმა ადამიანებმა ახლებურად დაინახეს საკუთარი საქმე, ინტერესები და მომავალი.
სწორედ ამ ტენდენციის დამსახურებად უნდა ჩავთვალოთ ის, რომ 2019-2022 წლებში არაერთმა ადამიანმა შეიცვალა პროფესია საქართველოში და ახალი არჩევანი უმეტესად ტექნოლოგიების სფეროს დაუკავშირა რამდენიმე მოტივით: ახალი პროფესიისადმი ინტერესი, საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობა, მეტი შემოსავალი და თავად პროფესიის პოპულარობა.
მეორე მხრივ, ამ დარგის განვითარებასთან ერთად, მოთხოვნა ახალ კადრებზე მზარდია. Glassdoor-ის კვლევა მოწმობს, რომ განვითარებულ ბაზრებზე ყველაზე მეტი ვაკანსია პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერების პოვნის მიზნით ქვეყნდება. მათ შორის, აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში და დიდ ბრიტანეთში.
აქვე, ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლო დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოზიციები სწორედ ტექნოლოგიების დარგში ფიქსირდება - ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი, მონაცემთა ანალიტიკოსი, პროდუქტის მენეჯერი, DevOps ინჟინერი, სოფთვეარ დეველოპერი...ჩამონათვალი გრძელია.
ამ ფონზე, მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გავხდეთ დეველოპერი (განურჩევლად იმისა, ახლა შევდივართ შრომის ბაზარზე, თუ სამომავლოდ ვფიქრობთ პროფესიის შეცვლას) არაერთია, თუმცა ძირითადი - სამი.
1. მაღალი ანაზღაურება
აშშ-ის მუშახელის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2021 წელს სოფთვეარ დეველოპერის მედიანური წლიური ანაზღაურება 109 ათას დოლარს აჭარბებდა, რაც საათში 52 დოლარზე მეტია.
საქართველოში მედიანური ხელფასის მაჩვენებელი წელს პირველად გამოქვეყნდა და კონკრეტულ პროფესიებს არ განაცალკევებს, თუმცა ფაქტია, რომ ამ მაჩვენებლით ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგი ლიდერობს.
მედიანური ხელფასი ზრდადობით დალაგებული მონაცემების შუა რიცხვია, ანუ კონკრეტულ დარგში ყველაზე მაღალ და ყველაზე დაბალ ანაზღაურებას შორის შუალედური მაჩვენებელი.
შესაბამისად, თუკი ქვეყანაში ზოგადი მედიანური ხელფასი 900 ლარია, ინფორმაციების და კომუნიკაციების დარგში ეს მაჩვენებელი 1500 ლარს აჭარბებს. რაც შეეხება საშუალო თვიურ ხელფასს, რომელიც დარგში ხელფასების ჯამურ მაჩვენებელს დასაქმებულთა ჯამურ რაოდენობაზე ყოფს, ის კიდევ უფრო მაღალია - 2000 ლარზე მეტი და ყოველწლიურად ზრდას აჩვენებს. ასე მაგალითად, 2014 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგებულია და ეს ზრდა მომდევნო წლებში დიდი ალბათობით, კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება, რამდენადაც ქართულ ბაზარზე მსხვილი გლობალური მოთამაშეების გამოჩენასთან ერთად კონკურენციაც მატულობს, ეს ყველაფერი კი საბოლოოდ სოფთვეარ დეველოპერის ანაზღაურების ზრდაზე აისახება დადებითად.
გარდა ამისა, ამ დარგის დამსაქმებლები თავადაც დიდ რესურსს დებენ თანამშრომლების განვითარებაში. მაგალითად, ამერიკული Lineate, რომელიც ქართულ ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, დასაქმებულებს კონკურენტულ ანაზღაურებასთან ერთად შემდგომი კარიერული წინსვლის შესაძლებლობასაც სთავაზობს. კომპანიაში ფიქრობენ, რომ კონკურენციის ზრდასთან ერთად, საქართველოში სოფთვეარ დეველოპერების ანაზღაურება მნიშვნელოვნად აღარ განსხვავდება ევროპული ბაზრებისგან.
2. მაღალი მოთხოვნა = უკეთესი პირობები
დღესდღეობით შრომის ბაზარს მუშახელის დეფიციტი ახასიათებს, არაერთი მიმართულებით. თუმცა ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოთხოვნა კადრებზე ტექნოლოგიების დარგშია.
ამას ქართული დასაქმების საიტებიც მოწმობენ, სადაც IT/პროგრამირებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების კატეგორიაში ასობით ვაკანტური სამუშაოა.
გარდა იმისა, რომ დამსაქმებლების არჩევანი დიდია, სოფთვეარ დეველოპერს ის უპირატესობაც აქვს, რომ შეუძლია მისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით იმუშაოს.
მაგალითად, Lineate-ში დასაქმებულებს მუშაობის ჰიბრიდულ მოდელს სთავაზობენ, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მუშაობის შესაძლებლობას. ამას ემატება სხვა ბენეფიტებიც: მოქნილი გრაფიკი, კომფორტული გარემო მუშაობისთვის, კარგი გუნდი, კარგი ჯანმრთელობის დაზღვევა.
3. წინსვლის მეტი შანსი
ტექნოლოგიების დარგში განვითარების მეტი შესაძლებლობაა. ამ დარგში იდეა, ინიციატივა, განსხვავებული ხედვა, კრეატივი და ჯანსაღი ამბიცია სათანადოდ ფასდება.
გარდა ამისა, ყოველთვის საინტერესოა ახალ, გამორჩეულ, ხშირად გლობალური დონის პროექტზე მუშაობა.
“განურჩევლად იმისა სად ცხოვრობ, ან საიდან მუშაობ, შენ მაინც გიწევს იმუშაო ელიტურ, საყოველთაოდ ცნობილ გლობალურ კლიენტებთან აშშ-ში თუ ევროპაში, რაც მოწყენის საშუალებას არ მოგცემს, რადგან მუდმივად გექნება შესაძლებლობა გამოცადო საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით - იქნება ეს adtech, მედია, ჯანდაცვა თუ fintech,”- აცხადებენ Lineate-ში, სადაც მიიჩნევა, რომ დეველოპერი უბრალოდ კოდის შემქმნელი არ არის. ამ კომპანიაში დასაქმებულისგან მხოლოდ ტექნიკური უნარები არ სჭირდებათ, აქ მათი იდეებიც აინტერესებთ, თუნდაც სრულიად განსხვავებული საყოველთაოდ დამკვიდრებული მიდგომისგან. “ექსპერიმენტები მისასალმებელია, გარისკე, ჩვენ მხარს დაგიჭერთ” - ასეთია Lineate-ს გზავნილი საკუთარ თანამშრომლებთან.