
დედაქალაქის საკრებულომ თბილისის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 1 მლრდ 632 მლნ ლარს შეადგენს. ამასთან, მერია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული სახსრების ფარგლებში 166 მლნ ლარის ღონისძიებებს განახორციელებს. შესაბამისად, 2023 წელს სხვადასხვა პროგრამებისთვის ჯამში 1 მლრდ 800 მლნ ლარამდე დაიხარჯება.
აღსანიშნავია, რომ 1 მლრდ 632 მლნ ლარიდან მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლები 1 მლრდ 157 მლნ ლარია, ცენტრალური ხელისუფლების ტრანსფერები კი 474 მლნ ლარს შეადგენს.
თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის შემოსავლები ასე გამოიყურება:
- გადასახადები - 875 მლნ ლარი (მათ შორის, ქონების გადასახადი - 250 მლნ ლარი, დამატებული ღირებულების გადასახადი - 622 მლნ ლარი);
- სხვა შემოსავლები - 229 მლნ ლარი (მათ შორის, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 60 მლნ ლარი, დასუფთავების მოსაკრებელი - 65 მლნ ლარი, ჯარიმები - 67 მლნ ლარი, მშენებლობის მოსაკრებელი - 17 მლნ ლარი);
- არაფინანსური აქტივების კლება ანუ პრივატიზაცია - 55 მლნ ლარი.
რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 515 მლნ ლარის ღონისძიებების, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით - 500 მლნ ლარის პროექტების განხორციელება. გარემოს დაცვის მიმართულებით გათვალისწინებულია 198 მლნ ლარი, ტრანსპორტის სუბსიდიაზე - 286 მლნ ლარი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსებაზე - 39 მლნ ლარი, ხოლო მუნიციპალური ბაღებისთვის - 171 მლნ ლარი. ავარიული შენობების გამაგრება და ჩანაცვლების პროგრამების ღირებულება ჯამურად 32 მლნ ლარს შეადგენს, გარდამავალი პროექტებისთვის კი 115 მლნ ლარია გათვალისწინებული.