LIVE

აშშ-სთან ფრენების დასაწყებად მგზავრთნაკადის საკმარისი რაოდენობა აუცილებელია - თამარ არჩუაძე

13 დეკ 202215:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 859
აშშ-სთან ფრენების დასაწყებად მგზავრთნაკადის საკმარისი რაოდენობა აუცილებელია - თამარ არჩუაძე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირ ფრენებზე მუშაობა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

მისი თქმით, იმისათვის, რომ ფრენა კომერციულად მომგებიანი იყოს, მგზავრთნაკადის საკმარისი რაოდენობაც აუცილებელია.

"საუბარი და მოლაპარაკებები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. საჭიროა გარკვეული პროცესების ორგანიზება როგორც აეროპორტში, ასევე საავიაციო ხელისუფლების დონეზე და ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებების ნაწილშიც. თუმცა ასევე აღსანიშნია, რომ მგზავრთნაკადის ოდენობა უნდა იყოს საკმარისი, რათა ეს ფრენა კომერციულად მომგებიანი იყოს. შესაბამისად, როგორც კი ეს გათვლები და სურვილები ერთმანეთს დაემთხვევა, ფრენები აუცილებლად შედგება",- განაცხადა თამარ არჩუაძემ "ბიზნეს ფორმულას" კითხვის საპასუხოდ.

საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო დაწყება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2019 წლის აპრილში დააანონსა. ამერიკულ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკების მიზნით 2019 წლის სექტემბერში აშშ-ში იმყოფებოდა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა, რომელიც United Airlines-ს, American Airlines-ს და Delta AirLines-ს შეხვდა. როგორც თურნავა აცხადებდა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ პირდაპირი ფრენები მიმზიდველია.

მიმდინარე წლის მაისში, „ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, გიორგი კოდუამ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ფრენები 2022 წლის ბოლოს დაიწყებოდა, რაც მოგვიანებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ არ დაადასტურა. 

თავის მხრივ, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების დაწყება რეალისტურია, თუმცა ამას დრო დასჭირდება.