
ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების დაწყება რეალისტურია, თუმცა ამას დრო დასჭირდება. ვიცე-პრემიერის თქმით, პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება რთული და გრძელი პროცესია.
„პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება, მათ შორის ტექნიკურ მზადყოფნას გულისხმობს, ანუ აეროპორტების ტექნიკურ შესაბამისობას, რადგან ამერიკის ადმინისტრაციას უსაფრთხოების წესებთან, შემოწმების პროცედურებთან დაკავშირებით, განსაკუთრებული სპეციფიკური მოთხოვნები აქვს. ამაზე მუშაობა კოვიდამდე დაიწყო. სამწუხაროდ, კოვიდმა პროცესი შეაფერხა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ 2023 წელს გვეყოლება მისია, რომელიც აუდიტს გააკეთებს და გვექნება დეტალური რეკომენდაციები თუ რა არის საჭირო ინფრასტრუქტურული კუთხით, რომ შესაბამისობაში ვიყოთ. ეს ერთი ნაწილია, მეორე გახლავთ კომერციული მხარე, რომ ჩვენ გვყავდეს დაინტერესებული ავიაკომპანია, რომელიც აშშ-ის მიმართულებით იფრენს. თუმცა იმ აღდგენის ტენდენციიდან გამომდინარე, რომელიც ავიაციის სფეროშია და არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, ოპტიმისტურად ვუყურებთ. ვფიქრობთ, რომ გარკვეული პერიოდი ამას დასჭირდება, მაგრამ რეალისტურია, რომ აშშ-სთანაც გვქონდეს პირდაპირი ფრენები“, - განაცხადა დავითაშვილმა.
საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო დაწყება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2019 წლის აპრილში დააანონსა. ამერიკულ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკების მიზნით 2019 წლის სექტემბერში აშშ-ში იმყოფებოდა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა, რომელიც United Airlines-ს, American Airlines-ს და Delta AirLines-ს შეხვდა. როგორც თურნავა აცხადებდა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ პირდაპირი ფრენები მიმზიდველია.
მიმდინარე წლის მაისში, „ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, გიორგი კოდუამ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ფრენები 2022 წლის ბოლოს დაიწყებოდა, რაც მოგვიანებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ არ დაადასტურა.