LIVE

აშშ-სა და საქართველოს შორის ფრენების დასაწყებად თვითმფრინავი უკვე ჩამოვიყვანეთ - კოდუა

13 მაი 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 8957
აშშ-სა და საქართველოს შორის ფრენების დასაწყებად თვითმფრინავი უკვე ჩამოვიყვანეთ - კოდუა

აშშ-სა და საქართველოს შორის ფრენებს „ეარ ჯორჯია" შეასრულებს. როგორც „ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა, ავიაკომპანიამ ფრენების დასაწყებად თვითმფრინავი უკვე ჩამოიყვანა. 

„3 წელზე მეტია „ეარ ჯორჯია“ ამ პროექტზე მუშაობს. ეს ადვილი დასაწყები არ არის. დამოკიდებულება, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის იყო, ვამბობდით, რომ რუსეთის ბაზრის გარეშე ვერ ვიქნებით, ახლა შეგვიძლია შევცვალოთ, სრულად გამოვეყოთ რუსეთს და ახალ ეკონომიკურ ბაზარს, აშშ-ს მივუერთდეთ.

ამ პროექტისთვის შესაბამისი ფლოტი იყო საჭირო. სიღრმისეულად ვიმუშავეთ და უკვე 3 თვეა თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დგას“, - აღნიშნა „ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა.

გიორგი კოდუას განცხადებით, პირველ წელს კვირაში ორი რეისის შესრულება იგეგმება, შემდეგ კი ავიაკომპანია მგზავრთნაკადის ინტენსივობას დააკვირდება.

„ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებლის განმარტებით, ფრენების დასაწყებად, როგორც ავიაკომპანიას, ისე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, აკრედიტაციის გავლა სჭირდება. მისი თქმით, ახლა შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ სომხეთმა უკვე გამოთქვა ინტერესი ქართული ავიაკომპანიის მიერ სომხეთიდან ამერიკის მიმართულებით ფრენების დაწყების თაობაზეც. გიორგი კოდუას განცხადებით, პირველი რეისი, სავარაუდოდ, აგვისტოში შესრულდება.   

„სომხეთის რესპუბლიკამ სწრაფად გამოხატა ინტერესი. სომხეთის ტურისტულ კომპანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება. კოორდინაცია გვაქვს საავიაციო ხელისუფლებასთან. ყველანაირად გვიწყობენ ხელს. გზებს ეძებენ, თუ როგორ შეიძლება ჩვენი მეშვეობით რეისების განხორციელება მალე დაიწყოს. შესაბამისად, ალბათ, აგვისტოდან ფრენებს ლოს-ანჯელესის მიმართულებით განვახორციელებთ, შემდეგ კი სავარაუდოდ, ნიუ-იორკი იქნება“, - ამბობს გიორგი კოდუა.  

„ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებლის განცხადებით, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, შესაძლებლობა გაჩნდა, ავიაკომპანიამ კავკასიაში ცენტრალიზებული გადაყვანები თბილისის აეროპორტიდან განახორციელოს. 

„ჩვენი პროექტი გულისხმობს, რომ საქართველოში ჰაბი შევქმნათ. რატომ გამოგვეხმაურა სომხეთი, მოსკოვი - ლოს-ანჯელესის მიმართულებით რეისებს „აეროფლოტი“ ასრულებდა, რაზეც მიბმული იყო მგზავრები ერევნიდან, როგორც კი ავიაკომპანიამ ფრენები შეაჩერა, ჩვენ დავრჩით ალტერნატივად. მეზობლები ვართ და ეს ვითარება გამოვიყენეთ. მსგავსი შანსი 50 წელიწადში ერთხელ ჩნდება. 3 წლის წინ, რა თქმა უნდა, არ ველოდით, რომ მსოფლიოში ასეთი რამ მოხდებოდა, მაგრამ ეს დღე დადგა, რაც გვეხმარება იმ გაგებით, რომ კავკასიაში ცენტრალიზებული გადაყვანა თბილისის აეროპორტიდან მოხდეს", - აღნიშნა „ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა. 

შეგახსენებთ, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ირაკლი ბაიდაშვილმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის პირველი საცდელი ფრენა შესაძლოა 2022 წლის ბოლოს ან 2023 წლის დასაწყისში შესრულდეს