LIVE

საპენსიო სააგენტომ „ნიკორას“ ობლიგაციებში ჩადო ინვესტიცია

05 დეკ 202213:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 642
საპენსიო სააგენტომ „ნიკორას“ ობლიგაციებში ჩადო ინვესტიცია

საპენსიო სააგენტომ ადგილობრივ კორპორაციულ ფასიან ქაღალდებში ინვესტირება დაიწყო. კერძოდ, სააგენტომ „ნიკორას“ მიერ განთავსებულ 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3 წლიან ობლიგაციებში ჩადო ინვესტიცია.

აღსანიშნავია, რომ „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით, საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ობლიგაციები, საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში განათავსა. „ნიკორა“ მიღებულ თანხას ვალდებულებების რეფინანსირებისთვის და კომპანიის სამომავლო განვითარების გეგმების დასაფინანსებლად გამოიყენებს.

ობლიგაციები ნომინალური ღირებულების 100%-ით, სრულად განთავსდა. მათი წლიური საპროცენტო განაკვეთი კი თბილისის ბანკთაშორის 3 თვიან საპროცენტო განაკვეთს (TIBR3M) დამატებული 3.5%-ით განისაზღვრა.

„მოხარული ვართ, რომ მივიღეთ მონაწილეობა „ნიკორას“ ობლიგაციების განთავსებაში, რაც უპირველეს ყოვლისა, ემსახურება ჩვენი მონაწილეების საუკეთესო ინტერესებს. ეს არის ჩვენი პირველი ინვესტიცია ადგილობრივ კორპორაციული ობლიგაციების ბაზარზე, რომელსაც ჩვენ მუდამ ვაკვირდებით და როგორც მოსალოდნელი იყო, ვხედავთ მის გააქტიურებას, განსაკუთრებით ახალი ემისიების ნაწილში. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული წარმატებული განთავსება და მასში ჩვენი მონაწილეობა გარკვეული სტიმული იქნება ახალი ადგილობრივი ემისიებისთვის, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ წარმატებით დავაბანდოთ საპენსიო დანაზოგები ქართული კომპანიების ფასიან ქაღალდებში და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას“, - განაცხადა საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ.