LIVE

Binance საქართველოში გუნდის გაზრდას გეგმავს

30 ნოე 202217:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 505
Binance საქართველოში გუნდის გაზრდას გეგმავს

მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის, Binance-ის დამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, ჩანგპენგ ჟაო აცხადებს, რომ ადგილობრივი გუნდის გაზრდას, ოფისის გახსნას და ბლოკჩეინსა და სხვა ინდუსტრიებში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. 

„ჩვენ უკვე გვყავს ადგილობრივ გუნდში ორი ადამიანი. მაგალითისთვის, ერთი წლის წინ დუბაიში ვიყავით. იქ ორი ადამიანი გვყავდა და ახლა 600 გვყავს. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი რამ განვითარდება საქართველოშიც“, - ამბობს ჩანგპენგ ჟაო, რომელიც თბილისში მიმდინარე მეორე Binance Community Meetup-ს ესწრება. 

მისივე თქმით, Binance-ს ინდუსტრიის სხვადასხვა მონაწილეების მოზიდვის უნარი აქვს, რაც იმით აიხსნება, რომ ის უდიდესი ბირჟაა და ყველა კრიპტოვალუტას მასთან თანამშრომლობა სურს. გარდა ამისა, ჟაოს განცხადებით, Binance ყველაზე დაცული კრიპტობირჟაა. 

„როდესაც ჩვენ შევდივართ ქვეყანაში, პირდაპირ ან არაპირდაპირ ინვესტიციებს ვახორციელებთ. ვახდენთ ინვესტირებას ადამიანების დასაქმებაში, ინფრასტრუქტურაში. ეს უკვე ნიშნავს ადგილობრივი ეკონომიკის ინვესტირებას. ჩვენ ასევე ვახორციელებთ სხვა კომპანიებში ინვესტიციებს როგორც კრიპტოში, ასევე, კრიპტოვალუტის გარეთაც. განვიხილავთ სხვა პროექტებს და გვსურს, რომ მეტი დეველოპერი და მეწარმე ჩავრთოთ ამ პროცესში, - ამბობს ჩანგპენგ ჟაო. 

კრიპტობირჟის დამფუძნებელი ბაზრებზე მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ბოლო დროს USDT-ის ვარდნამ გამოიწვია დიდი დანაკარგი და შეარყია რწმენა კრიპტოვალუტის მიმართ. 

მისივე თქმით, ეს პროცესი კრიპტოვალუტების უფრო მკაცრ რეგულირებას გამოიწვევს.

"ბიზნეს ფორმულას" კითხვაზე, თუ ვის მიიჩნევს კონკურენტი FTX-ის კოლაფსში დამნაშავედ, ჩანგპენგ ჟაომ განაცხადა, რომ FTX-ის დამფუძნებელმა სემ ბანკმენ-ფრიდმა დიდი თაღლითობა განახორციელა და მარეგულირებლები და ბევრი ადამიანი მოატყუა. მისი თქმით, FTX-ის კოლაფსი Binance-ს არ გამოუწვევია. 

ჩანგპენგ ჟაომ კითხვაზე, ეხმარება თუ არა კრიპტოვალუტა რუსეთის სანქციების თავიდან არიდებას, უპასუხა, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგიიდან გამომდინარე, ამ მიზნით, კრიპტოვალუტის გამოყენება ძალიან რთულია. 

"ბიზნეს ფორმულას" კითხვის საპასუხოდ, Binance-ის დამფუძნებელმა თბილისში ილონ მასკის მხარდაჭერა კიდეც ერთხელ დაადასტურა. მისი განცხადებით, გარდა იმისა, რომ Twitter-ი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, მასკი ძლიერი მეწარმეა და Binance-ს Twitter-ში ინვესტიციის განხორციელებით, მისი მხარდაჭერა სურდა. 

Binance-ის სახელი კრიპტოსფეროში ბოლო დროის უდიდეს კრახს - მე-2 უდიდესი კრიპტობირჟის, FTX-ის კოლაფსს უკავშირდება.  

FTX-ს ლიკვიდურობის პრობლემა შეექმნა მას შემდეგ, რაც უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩანგპენგ ჟაომ განაცხადა, რომ მისი ფირმა FTX-ის შიდა ტოკენის, FTT-ს, გაუქმებას აპირებდა. ცნობებმა, რომლებმაც FTX-ის ფინანსური მდგრადობა ეჭვქვეშ დააყენა, ბაზარზე პანიკა და სამი დღის განმავლობაში ბირჟიდან $6 მილიარდის გატანა გამოიწვია.   

მოგვიანებით, 8 ნოემბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ Binance მთავარ კონკურენტს, FTX-ს ყიდულობდა, თუმცა საბოლოოდ Binance-მა გარიგებაზე უარი თქვა და საკუთარ პლატფორმაზე FTX-ის FTT ტოკენის დეპოზიტების მიღება შეწყვიტა.    

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საქმიანი ვიზიტით კრიპტოვალუტის უდიდესი ბირჟის, Binance-ის დამფუძნებელი ჩანგპენგ ჟაო იმყოფება. ის დილით საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.