საქართველოში საქმიანი ვიზიტით კრიპტოვალუტის უდიდესი ბირჟის, Binance-ის დამფუძნებელი ჩანგპენგ ჟაო იმყოფება.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის დღეს საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბად პოზიციონირებას, საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და ინოვაციებზე ორიენტირებულ მთავრობას.
შეხვედრის ამსახველი ფოტოები ჩანგპენგ ჟაომ Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
„ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ახალ ინტერნეტ-ეკონომიკასა და საქართველოზე“,- წერს Binance-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას და საქართველოს კანონმდებლობა კრიპტობირჟის რეგულირებისთვის მზად არის.
Binance 2017 წელს შეიქმნა და მას შვილობილი კომპანიები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აქვს.
Bloomberg-ის თანახმად, მისი ქონება $14,2 მილიარდს შეადგენს, Forbes-ის მონაცემებით, ჩანგპენგ ჟაოს ქონება $17,4 მილიარდს აღწევს.
Binance-ის სახელი კრიპტოსფეროში ბოლო დროის უდიდეს კრახს - მე-2 უდიდესი კრიპტობირჟის, FTX-ის კოლაფსს უკავშირდება.
FTX-ს ლიკვიდურობის პრობლემა შეექმნა მას შემდეგ, რაც უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩანგპენგ ჟაომ განაცხადა, რომ მისი ფირმა FTX-ის შიდა ტოკენის, FTT-ს, გაუქმებას აპირებდა. ცნობებმა, რომლებმაც FTX-ის ფინანსური მდგრადობა ეჭვქვეშ დააყენა, ბაზარზე პანიკა და სამი დღის განმავლობაში ბირჟიდან $6 მილიარდის გატანა გამოიწვია.
მოგვიანებით, 8 ნოემბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ Binance მთავარ კონკურენტს, FTX-ს ყიდულობდა, თუმცა საბოლოოდ Binance-მა გარიგებაზე უარი თქვა და საკუთარ პლატფორმაზე FTX-ის FTT ტოკენის დეპოზიტების მიღება შეწყვიტა.