LIVE

Twitter-ი Covid-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას წყვეტს

30 ნოე 202212:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 590
Twitter-ი Covid-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას წყვეტს

Twitter-ი ახალი კორონავირუსისა და მისი საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციასთან ბრძოლას წყვეტს, რაც ექსპერტების უკმაყოფილებას იწვევს.

Twitter-ის Covid-19 დეზინფორმაციის გვერდის თანახმად, 23 ნოემბრის მდგომარეობით, პლატფორმა აღარ მიიღებს ზომებს იმ მომხმარებლების წინააღმდეგ, რომლებიც მის კოვიდ-პოლიტიკას არღვევენ. 

ამასთან, კომპანია განმარტავს, რომ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, პლატფორმის დეზინფორმაციასთან ბრძოლის პოლიტიკა უცვლელი რჩება. 

Twitter-მა ვირუსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის პოლიტიკა 2020 წელს შემოიღო და მას შემდეგ, მიმდინარე წლის სექტემბრამდე, დეზინფორმაციის გამო, 11 000-ზე მეტი ანგარიშის მუშაობა შეაჩერა, 100 000-ზე მეტი ტვიტი კი წაიშალა. 

ექიმებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმის დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგია სრულყოფილი არასდროს ყოფილა, მასკის გადაწყვეტილება არის უკან გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი, რომელიც უფრო მეტი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს. 

The Integrity Institute-ის მიერ გასულ თვეში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, დეზინფორმაცია ყველაზე სწრაფად Twitter-სა და TikTok-ზე ვრცელდება. 

Covid-19-ის დეზინფორმაციასთან ბრძოლის შეწყვეტა კომპანიის ახალი დირექტორის, ილონ მასკის ხელმძღვანელობის პირობებში მიღებული უახლესი გადაწყვეტილებაა. 

მასკის მიერ განხორციელებული ცვლილებების გამო, პლატფორმაზე რეკლამის განთავსებაზე უარი თქვეს მსხვილმა კომპანიებმა, მათ შორის, General Motors-მა, Volkswagen-მა, Pfizer-მა და General Mills-მა.  

მათთვის მიუღებელია ახალი მფლობელის გადაწყვეტილებები, რომლებიც თანამშრომლების ნახევრის გათავისუფლებას, ფასიანი ვერიფიკაციის სერვისის შემოღებას და რეკლამის მოდერაციის პოლიტიკის შემსუბუქებას გულისხმობს, რამაც ქსელში ყალბი ანგარიშების გამრავლება გამოიწვია. ამავდროულად, მასკის სურვილი, ქსელი სიტყვის თავისუფლების ადგილად იქცეს, სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის გავრცელების რისკს ზრდის.