
ნავთობის ფასი ბარელზე $2-ზე მეტად დაეცა. უახლეს ვაჭრობაში ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი $2,16-ით (2,6%-ით) შემცირდა და ბარელზე $81,47 შეადგინა.
ფასი კიდევ უფრო დაბალი - $81,16 იყო სესიის დასაწყისში. ეს 11 იანვრის შემდეგ, ბრენტის ტიპის ნავთობის ყველაზე დაბალი ფასია.
აშშ-ის West Texas Intermediate (WTI) ნავთობი $2,08-ით ანუ 2,7%-ით გაიაფდა და ბარელზე $74,20-ზე ჩამოვიდა. წინა ვაჭრობაში მისმა ფასმა $73,82 შეადგინა, რაც 2021 წლის 27 დეკემბრის შემდეგ, ყველაზე დაბალი ნიშნულია.
ორივე ტიპის ნავთობის ფასმა 10-თვიან მინიმუმს გასულ კვირას მიაღწია. ბრენტის ტიპის ნავთობმა გასული კვირა 4.6%-იანი ვარდნით, WTI-მა კი 4.7%-იანი ვარდნით დაასრულა.
ნავთობის ფასის ვარდნა ჩინეთში Covid-19-ის შემთხვევების ზრდის ფონზე რეგულაციების შენარჩუნებას და პოლიტიკურ გაურკვევლობას უკავშირდება. ჩინეთის ქალაქ შანხაიში გუშინ ათასობით ადამიანი ქუჩებში კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ გამოვიდა და პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა.