LIVE

ალესანდრო მიკელემ Gucci დატოვა, რას ჩაიცვამს ახლა ჰარი სტაილსი?

24 ნოე 202216:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 429
ალესანდრო მიკელემ Gucci დატოვა, რას ჩაიცვამს ახლა ჰარი სტაილსი?

Gucci-ს კრეატიულმა დირექტორმა, ალესანდრო მიკელემ შვიდი წლის შემდეგ, მოდის სახლში საკუთარი პოზიცია დატოვა. მის შვიდწლიან მოღვაწეობას უკავშირდება ბრენდის ახალი სიცოცხლე და გასამმაგებული შემოსავლები. 

რომში დაბადებული დიზაინერი 49 წლისაა და მან Gucci-ს მოდის სახლში სხვადასხვა პოზიციებზე ჯამში 20 წელი გაატარა, აქედან ბოლო 7 წელი კრეატიული დირექტორის თანამდებობაზე. 

Gucci-ს ბრენდის მფლობელმა, ფრანგულმა ჯგუფმა Kering-მა მიკელეს წასვლის შესახებ ოთხშაბათს განაცხადა. აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრანსუა პინომ მიკელეს მადლობა გადაუხადა შვიდ-წლიანი საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ "მისმა მისწრაფებამ, წარმოსახვამ და კრეატიულობამ Gucci ყურადღების ეპიცენტრში მოაქცია, სადაც არის კიდეც მისი ადგილი."

Kering-ს ამ დრომდე არ გაუმჟღავნებია, ვინ დაიკავებს მიკელეს ადგილს მოდის სახლში.
 
თავად მიკელე მოდის სახლს 2015 წელს ჩაუდგა სათავეში და თავის დროზე, მისი დაწინაურება აქსესუარების მიმართულების ხელმძღვანელობიდან კრეატიულ დირექტორობამდე მოდის ინდუსტრიისთვის საკმაოდ შოკისმომგვრელი ამბავი აღმოჩნდა. თუმცა, ახალმა კრეატიულმა დირექტორმა მალევე მოახერხა ბრენდი ზრდის ახალ რელსებზე გადაეყვანა და მისთვის ძველი დიდება დაებრუნებინა. 2015 წლიდან 2021 წლამდე Gucci-ს შემოსავლები თითქმის გასამმაგდა €3.9 მილიარდიდან €9.7 მილიარდამდე. პერიოდულად, კვარტალური ზრდის მაჩვენებელი 50%-საც კი აღწევდა. 
 
კრეატიულ ნაწილში, მიკელემ შეინარჩუნა იტალიური მოდის სახლის ისტორია და გამორჩეული სტილი, თუმცა ამავდროულად, მას თანამედროვე ესთეტიკაც შეჰმატა. ამის გამოხატულება იყო გენდერულად ფლუიდური მიდგომა, რომლითაც 2017 წლიდან მოყოლებული, Gucci კაცების და ქალების კოლექციებს ერთობლივად წარადგენდა. გარდა ამისა, მიკელეს გამოარჩევდა პრინტების, ფერების და ტექსტურის ეკლექტიკური შერწყმა, რამაც ბრენდს ახალი თაობის მომხმარებლები შეჰმატა აშშ-ში, ევროპასა და ჩინეთში. გარდა ამისა, მან მმართველობის პერიოდში არაერთი ცნობილი ფანი შეიძინა. მათ შორის ლედი გაგა, ბიონსე, ბილი აილიში, დაკოტა ჯონსონი და ჯოდი ტერნერ სმიტი. 
 
თუმცა, 2017 წლის შემდეგ მის მიერ მიღწეულმა ფინანსურმა მაჩვენებლებმა დაღმასვლა დაიწყო. 2021 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ მოდის სახლის გაყიდვები კვარტალურად 3,8%-ით გაიზარდა, რაც ანალიტიკოსების მოლოდინებს ჩამორჩებოდა. ინსაიდერებმა ბრენდის შენელება პანდემიის ეფექტს დააბრალეს, განსაკუთრებით ისეთი ძირითადი ბაზრების დამსახურებით, როგორიც აზიაა. 
 
ფაქტია, რომ კონკურენტ ლუქს ბრენდებს, მათ შორის LVMH-ს და Hermès-ს, Kering-ი ფასიანი ქაღალდების დინამიკით ჩამორჩება. ამ პრობლემის გადასაჭრელად Gucci-მ არაერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის, შეზღუდა წლიური ჩვენებების განრიგი, შეკვეცა რა ყოველწლიური საკრუიზო და წინასაშემოდგომო კოლექციები. მოდის სახლმა არაერთ კოლაბორაციას მიმართა, მათ შორის, Adidas-თან. ასევე ითანამშრომლა Balenciaga-სთან Hacker Project-ის ფარგლებში. 
 
2017 წელს, ჰარი სტაილსი, ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი ფავორიტი პოპ შემსრულებელი Gucci-ს ელჩი გახდა და მას შემდეგ, არაერთ კამპანიაში გამოჩნდა. მათ შორის, წელს, მომღერალმა და ბრენდმა ერთობლივი კოლექცია გამოუშვეს სახელწოდებით Ha Ha Ha.
 
მიკელეს წასვლის შემდეგ, New York Times-მა დაწერა, რომ ამ მოვლენას მოდის ინდუსტრიაზე დიდი გავლენა ექნება და იქვე რიტორიკულად იკითხა: რას ჩაიცვამენ ახლა ჰარი სთაილსი და ჯარედ ლეტო? 
 
"არის მომენტები, როცა გზები იყრება იმ განსხვავებული პერსპექტივების გამო, რაც თითოეულ ჩვენგანს შეიძლება ჰქონდეს," თქვა თავად მიკელემ წასვლისას, თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და დასძინა: "დღეს ჩემთვის არაჩვეულებრივი მოგზაურობა მთავრდება, რომელმაც 20 წელზე მეტ ხანს გასტანა კომპანიაში, რომელსაც დაუშურველად მივუძღვენი ჩემი სიყვარული და შემოქმედებითი ვნება."
 
Kering-მა განაცხადა, რომ Gucci-ს გუნდი გააგრძელებს კოლექციების შექმნას, ვიდრე მიკელეს შემცვლელი გამოჩნდება.