LIVE

ტექნო-გიგანტებმა წელს 120000-ზე მეტი თანამშრომელი გაუშვეს - ტენდენცია გრძელდება

27 ნოე 202214:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 521
ტექნო-გიგანტებმა წელს 120000-ზე მეტი თანამშრომელი გაუშვეს - ტენდენცია გრძელდება

გიგანტურმა კომპანიებმა 120 000-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს. ეს რიცხვები კვლავ იზრდება. 

კომპიუტერებისა და პრინტერების მწარმოებელმა HP-მა განაცხადა, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, 4000-დან 6000-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს, რაც მისი დასაქმებულების რიცხვის 10%-ს უდრის. გადაწყვეტილების მიზეზი გლობალურად გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, ტექნიკის გაყიდვების შემცირებაა. 

კომპანიის განცხადებით, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტლის შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11.2%-ით შემცირდა და $14.8 მილიარდი შეადგინა. 

თანამშრომლებს მასშტაბურად ამცირებენ სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებიც. Amazon-მა, რომელმაც გასულ კვირას 260 თანამშრომელი გაათავისუფლა, მომავალ წელს ათასობით ადამიანის დათხოვნას გეგმავს. მედიის ინფორმაციით, ელექტრონული ვაჭრობის გიგანტი ჯამში 10000-მდე თანამშრომელს გაათავისუფლებს.

მიმდინარე თვის დასაწყისში Facebook-ის მშობელმა კომპანია Meta-მ დასაქმებულების 13%-იანი შემცირება დააანონსა. კომპანია აპირებს, რომ ჯამში, მსოფლიოს მასშტაბით, 87,000 თანამშრომლიდან 11,000 დაითხოვოს სამსახურიდან. Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, დაანონსებული შემცირება "Meta-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ცვლილებაა". 

ამავდროულად, Twitter-მა თანამშრომელთა ნახევარზე მეტი გაათავისუფლა. მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია კიდევ უფრო მეტის დათხოვნას აპირებდა, თუმცა გავრცელებული ცნობები გუშინ Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა უარყო. 

გასულ თვეში, Microsoft-მა განაცხადა, რომ რამდენიმე განყოფილებაში თანამშრომლებს ამცირებს. 

თანამშრომლების შემცირებას კომპანიები გაუარესებული მაკროეკონომიკური გარემოთი, მაღალი ინფლაციით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით და გლობალური რეცესიის შიშით ხსნიან.