LIVE

ბიზნესმა პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს - ბექა ფერაძე "რუსთავის აზოტზე"

21 ნოე 202215:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 412
ბიზნესმა პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს - ბექა ფერაძე "რუსთავის აზოტზე"

შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე "რუსთავის აზოტში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც ერთი დასაქმებული გარდაიცვალა და ორი დაშავდა, პასუხისმგებლობას თავად კომპანიას აკისრებს.

"ბიზნეს ფორმულას" კითხვაზე, ხდებოდა თუ არა რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი, იმ ფონზე, რომ ინსპექციამ კრიტიკული შეუსაბამობები ჯერ კიდევ ივლისში გამოავლინა, ფერაძე ამბობს, რომ "მხოლოდ შრომის ინსპექცია ვერაფერს იზამს, თუ კომპანიამ პასუხისმგებლობა არ გამოიჩინა".

"შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი როგორც დაჯარიმების, ისე გაფრთხილებისა და სამუშაო პროცესის შეჩერებას ითვალისწინებს. გაცემული გაფრთხილება ან დაჯარიმება, ცხადია, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მაქსიმალური ეფექტის მომტანი ვერ იქნება, თუ კომპანიამ უსაფრთხოების ნორმები არ დაიცვა. როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ კომპანიას საქმიანობის უფლება შევუჩერეთ, თუმცა მას შემდეგ, რაც მან მუშაობა ისევ განაახლა, დარღვევები კვლავ დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ისეთ ევროპულ ქვეყნებშიც, სადაც ინსპექციის და, ზოგადად, აღსრულების 100-წლიანი პრაქტიკაა, ინციდენტები იქაც ხდება. ამისგან დაზღვეული არავინ ვართ",- განაცხადა ბექა ბერაძემ "ბიზნეს ფორმულას" კითხვის საპასუხოდ. 

შრომის ინსპექციის სამსახურმა "რუსთავის აზოტი" 50 000 ლარით დააჯარიმა და სააქციო საზოგადოებას სამუშაოები ნაწილობრივ შეუჩერა. გადაწყვეტილების მიზეზი გასულ კვირას მომხდარი ინციდენტია, რის შედეგად ერთი დასაქმებული გარდაიცვალა და ორი დაშავდა. აღსანიშნავია, რომ „რუსთავის აზოტის“ ობიექტზე შრომის ინსპექციის სამსახურმა კრიტიკული შეუსაბამობები 2022 წლის ივლისშიც დაადგინა და სამუშაოები შეაჩერა.

ინსპექციის ინფორმაციით, მხოლოდ 2021 წელს, ობიექტის მიმართ სამუშაო ადგილზე არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელად 32 მითითება გასცეს, რომელიც ამჟამად "რუსთავის აზოტის" მიერ გასაჩივრებულია.