LIVE

შრომის ინსპექციამ „რუსთავის აზოტი“ ₾50 000-ით დააჯარიმა და სამუშაოები ნაწილობრივ შეუჩერა

18 ნოე 202215:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 775
შრომის ინსპექციამ „რუსთავის აზოტი“ ₾50 000-ით დააჯარიმა და სამუშაოები ნაწილობრივ შეუჩერა

შრომის ინსპექციის სამსახურმა „რუსთავის აზოტი“ 50 000 ლარით დააჯარიმა და სააქციო საზოგადოებას სამუშაოები ნაწილობრივ შეუჩერა. გადაწყვეტილების მიზეზი დღეს მომხდარი ინციდენტია, რის შედეგადაც ერთი დასაქმებული გარდაიცვალა და ორი დაშავდა.

„ობიექტზე კვლავ მიმდინარეობს ინსპექტირების პროცესი. პირველადი ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ ინციდენტი გამოიწვია კუსტარულად დამზადებული ხარაჩოს ჩატყდომამ. ადგილზე არსებული დარღვევები წარმოადგენს კრიტიკულ შეუსაბამობას, რის გამოც ობიექტი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობის უფლება“, - აცხადებენ შრომის ინსპექციაში.

უწყების განმარტებით, „რუსთავის აზოტის“ ობიექტზე შრომის ინსპექციის სამსახურმა კრიტიკული შეუსაბამობები 2022 წლის ივლისშიც დაადგინა და სამუშაოები შეაჩერა.

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, მხოლოდ 2021 წელს, ობიექტის მიმართ სამუშაო ადგილზე არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელად 32 მითითება გასცეს, რომელიც ამჟამად „რუსთავის აზოტის“ მიერ გასაჩივრებულია.

„შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, 2 წლის განმავლობაში კრიტიკული შეუსაბამობების განმეორებით გამოვლენისთვის განსაზღვრულია ფულადი სანქცია ბრუნვიდან გამომდინარე. შესაბამისად, „რუსთავის აზოტი“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, ასევე დაჯარიმდა 50 000 ლარით“, - აცხადებენ შრომის ინსპექციაში.

ამჟამად, „რუსთავის აზოტში“ სრული ინსპექტირების პროცესი მიმდინარეობს. შრომის ინსპექციის ინფორმაციით, დამატებითი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი ზომები გატარდება.