LIVE

ლევან დავითაშვილი: იმედი გვაქვს, CFD მექანიზმი წელსვე ამოქმედდება

15 ნოე 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 554
ლევან დავითაშვილი: იმედი გვაქვს, CFD მექანიზმი წელსვე ამოქმედდება

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმედოვნებს, რომ ენერგეტიკაში CFD მექანიზმი მიმდინარე წელს ამოქმედდება, მომავალი წლიდან კი პროექტების განხორციელება დაიწყება. დავითაშვილის განმარტებით, მექანიზმი კერძო სექტორს დაეხმარება, ფინანსური ინსტიტუტებიდან თანხის მობილიზება მოახდინოს და ენერგოპროექტები განახორციელოს.

იმედი გვაქვს, რომ მექანიზმი მიმდინარე წელსვე ამოქმედდება და  კონკურენტულ პირობებში პროექტების შერჩევა, ასევე მიმდინარე წელსვე მოხდება. უკვე მომავალი წლიდან კი პროექტების განხორციელება საკმაოდ სწრაფი ტემპით დაიწყება. ეს ჩვენი მთავარი ამოცანაა.

მინდა გითხრათ, რომ ამას მხარს უჭერს ევროკავშირიც, წინა კვირაში ძალიან საინტერესო ვიზიტები გვქონდა, მათ შორის შეხვედრა ევროკომისართან ენერგეტიკის დარგში და საქართველოს მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები, ევროპულ პოლიტიკასთან სრულად თანხვედრაშია“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკაში ინვესტიციები ახალი სქემით წახალისდება. საუბარია ფასთაშორის სხვაობის დაბრუნების მოდელზე ე.წ CFD-ზე, რომლითაც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1 500 მგვტ სიმძლავრის სადგურების მშენებლობის ხელშეწყობა იგეგმება.

ენერგეტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ CFD კონტრაქტებზე გადასვლა, სექტორს ინვესტიციების შემოდინების შესაძლებლობას გაუჩენს, თუმცა ამ დრომდე არა ერთი კითხვა არსებობს, თუ როგორ იმუშავებს ახალი მექანიზმი.