LIVE

სექტორში CFD მექანიზმზე კითხვები აქვთ

11 ნოე 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 464
სექტორში CFD მექანიზმზე კითხვები აქვთ

ენერგეტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ CFD კონტრაქტებზე გადასვლა, სექტორს ინვესტიციების შემოდინების შესაძლებლობას გაუჩენს, თუმცა ამ დრომდე არა ერთი კითხვა არსებობს, თუ როგორ იმუშავებს ახალი მექანიზმი. 

"CFD-ზე გადასვლამ ახალი შესაძლებლობები უნდა გააჩინოს, მაგრამ ჯერ-ჯერობით დეტალები არ ვიცით და მოლოდინის რეჟიმში ვართ", - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას ენერგეტიკოსი გია არაბიძე.

მექანიზმის დეტალებზე კითხვები აქვთ თავად სექტორის წარმომადგენლებსაც. როგორც "ბიზნეს ფორმულას" მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მარგებაძემ განუცხადა, ახალი სქემის მიხედვით, გენერაციის ობიექტების მშენებლობაზე ჯერ აუქციონი გამოცხადდება, შემდეგ კი გამარჯვებულ კომპანიებთან ე.წ CFD კონტრაქტი გაფორმდება, თუმცა ცნობილი არაა, როგორი წესით ჩატარდება აუქციონი, რა ვადები იქნება ამისათვის ჩადებული, ან რა ტიპის კომპანიები შეძლებენ მონაწილეობის მიღებას.

"ძირითადი კითხვები გვაქვს აუქციონის წესზე, აქ რა პრინციპებით იქნება მონაწილეობა შესაძლებელი, ვიცით რომ 1500 მგვტ-ია მაქსიმალური სიმძლავრე, ალბათ ლოტებად იქნება დაყოფილი, რომ შეივსოს პირობითად 100 მგვტ და შემდგომ ამაზე გამოცხადდეს აუქციონი და აშენდეს, ეს რა დროში შეიძლება რომ შეივსოს, ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის დრო", - აცხადებს გიორგი მარგებაძე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკაში ინვესტიციები ახალი სქემით წახალისდება. საუბარია ფასთაშორის სხვაობის დაბრუნების მოდელზე ე.წ CFD-ზე, რომლითაც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1 500 მგვტ სიმძლავრის სადგურების მშენებლობის ხელშეწყობა იგეგმება.