LIVE

ღარიბაშვილი: მომდევნო სამ წელში ენერგეტიკაში $3 მილიარდის ინვესტიციას ველით

31 ოქტ 202211:09
3 წუთის საკითხავი
clock clock 906
ღარიბაშვილი: მომდევნო სამ წელში ენერგეტიკაში $3 მილიარდის ინვესტიციას ველით

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ენერგეტიკაში ინვესტიციები ახალი სქემით წახალისდება.

ღარიბაშვილის თქმით, ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1500 მეგავატის სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.

„სახელმწიფოს მხრიდან ელექტროსადგურის ოპერირებაში გაშვებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის, ე.წ. CFD ხელშეკრულებით, ენერგეტიკული პროექტის მხარდაჭერას გულისხმობს სქემა, რომელსაც ინვესტორებს შევთავაზებთ.

ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1500 მეგავატის სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას. ამაში არ შედის დიდი პროექტები: ნამახვანი, ნენსკრა და ხუდონი.

მომდევნო სამ წელში, მინიმუმ 3 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ველოდებით ენერგეტიკის სექტორში, ინვესტორებს მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ორნიშნა ზრდის პირობებში ელექტროენერგიის გენერაცია მოთხოვნას ჩამორჩება, რაც სირთულეებს წარმოშობს.

"ესაა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ერთის მხრივ ჩვენ შემოგვაქვს სიცხადე, მეორეს მხრივ კი ვაცხადებ, რომ ესაა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვაქვს ეკონომიკის ორნიშნა ზრდა, 10%-ით ვზრდით უკვე ბოლო ორი წელია, გენერაცია ვერ ეწევა ზრდას, ბუნებრივია, ეს მოხმარება იზრდება და ეს ყველაფერი წარმოშობს სირთულეებს უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, თუ ჩვენ არ დავაწიეთ ახალი ჰესების მშენებლობა. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რაციონალურად, გონივრულად გამოვიყენოთ ყველა რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მითუმეტეს ეს არის განახლებადი ენერგია და ამას რა თქმა უნდა, სჭირდება მეტი მხარდაჭერა“,- განაცხადა პრემიერმა.

განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციაში აცხადებენ, რომ მექანიზმი კერძო სექტორისთვის მისაღებია, თუმცა მნიშვნელოვანია, გენერაციის ობიექტების მშენებლობაზე აუქციონი სწორი პრინციპით ჩატარდეს. ახალი მექანიზმით, ობიექტების მშენებლობაზე ჯერ აუქციონი გამოცხადდება, შემდეგ კი გამარჯვებულ კომპანიებთან ე.წ CFD კონტრაქტი გაფორმდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მსხვილი ენერგოპროექტები შეჩერებულია. მათ შორისაა ნამახვანჰესი, რომლის ინვესტორმა თურქულმა კომპანია ENKA-მ არბიტრაჟს მიმართა.