LIVE

სექტემბერში წლიური ინფლაცია 11.5%-მდე გაიზარდა - საქსტატი

03 ოქტ 202211:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 671
სექტემბერში წლიური ინფლაცია 11.5%-მდე გაიზარდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 11.5% შეადგინა. უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.5% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7.5%-ით განისაზღვრა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.6%-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • პური და პურპროდუქტები - (32.8%);
  • რძე, ყველი და კვერცხი - (23.3%);
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - (22.5%);
  • ზეთი და ცხიმი - (21.2%);
  • ყავა, ჩაი და კაკაო - (18.9%);
  • თევზეული - (16.5%);
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - (15.8%);
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - (9.8%);
  • ხილი და ყურძენი - (9.6%).

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1%-ით. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (16.8%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.7%).

საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.2%-იანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (24.3%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.5%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.8%).

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ 10.9% შეადგინა. 

მარეგულირებლის პროგნოზით, წელს საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი ხანგრძლივად იქნება და 9.5%- გაუტოლდება. სებ-ში აცხადებენ, რომ სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის რისკები არ შერბილდება, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება. ამ დროისთვის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ია